აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ბრაზილიიდან ხორცის იმპორტი შეაჩერა. „სიენენის“ ცნობით, გადაწყვეტილების მიზეზი ბრაზილიური ხორცის ხარისხს უკავშირდება.
როგორც აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნული, აკრძალვა გაგრძელდება იქამდე, სანამ ბრაზილია „არ მიიღებს ზომებს და არ დაიცავს ხარისხის სტანდარტებს“.
ბოლო მონაცემებით, ბრაზილიიდდან აშშ-ში მიმდინარე წელს 22 მილიონ კილოგრამზე მეტი ხორცი შევიდა.
„მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ვაჭრობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ბრაზილია ჩვენი დიდი ხნის პარტნიორია, ჩვენთვის პრიორიტეტი ამერიკელი მომხმარებლის დაცვაა“, - განაცხადა აშშ-ის სოფლის მეურნეობის მინისტრმა სონი პედუიმ.
უწყების განცხადებით, მარტის თვიდან მოყოლებული ბრაზილიიდან იმპორტირებული ხორცის ინსპექტირება მიმდინარეობდა და საერთო ჯამში, პროდუქტის 11%-ზე აშშ-მა უარი თქვა.
ბრაზილიის ხორცის ინდუსტრიის ასოციაციაში აცხადებენ, რომ ხორცის პროდუქტის ხარისხის ამაღლებასთან დაკავშირებით ზომები უკვე მიღებულია.
ბრაზილიის ხორცწარმოება რამდენიმე თვეა სერიოზულ პრობლემებს განიცდის. საქმე გამწვავდა იმის შემდეგ, რაც გაირვკა, რომ მწარმოებლები ინსპექტორებს ქრთამს უხდიდნენ იმისთვის, რომ დაავადებული ხორცისთვის სერტიფიცირება გაეცათ. სკანდალის შედეგად ბრაზილიაში მთავრობამ სამი ქარხანა დახურა, 21 ხორცშემფუთველ კომპანიას კი წარმოების ლიცენზია შეუჩერა.
ჩინეთმა, მექსიკამ, ჩილემ, იაპონიამ , ევროკავშირმა და ჰონგ კონგმა ბრაზილიური ხორცის იმპორტი მარტში შეაჩერა.