BUSINESS GEORGIA-სა და საქართველოს ბანკის ორგანიზებით 28 ივნისს, ბიზნეს ფორუმი „ქალები ბიზნესში“ გაიმართება.
როგორც ”საქართველოს ბანკიდან” იუწყებიან, ღონისძიების მთავარ მიზანს დამსწრე საზოგადოებისთვის ბიზნესში ქალის როლის ხაზგასმა, მათი მიღწევების, სირთულეებისა და გამოწვევების განხილვა წარმოადგენს.
”საჭირო რესურსებზე ხელმისაწვდომობა და წარმატებული ქალი მეწარმეების ხელშეწყობა არის საკვანძო საკითხები ქალთა ეკონომიკური ჩართულობისა და გენდერული ნაპრალის ამოვსების უზრუნველყოფის საქმეში. სწორედ ამიტომ ფორუმი ემსახურება როგორც ცოდნისა და გამოცდილების გაცვლას და ქალ ბიზნესმენთა დაკავშირებას, ასევე ახალი შესაძლებლობების შექმნასა და სოციალური დიალოგის ხელშეწყობას ბიზნეს ლიდერებსა და ქალ მეწარმეებს შორის”, - აცხადებენ ბანკის პრესსამსახურში.
მათი ინფორმაციით, ფორუმი დაყოფილია სამ ნაწილად. პირველი ნაწილი, სახელწოდებით ”ქალები საზოგადოებაში” დაეთმობა საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში ქალთა როლის წარმოჩენას, ასევე ქალთა სოციალური და ეკონომიკური გაძლიერების პერსპექტივებს საზოგადოებრივ დონეზე;
ხოლო, მეორე ნაწილში სპიკერები ისაუბრებენ ქალებზე, როგორც მეწარმეებზე. აღსანიშნავია, რომ საინტერესო ფაქტებისა და სტატისტიკის გარდა, ამ ნაწილში რისკების შემცირებაზე ისაუბრებენ, რომლების ახალი ბიზნესის დაწყებისას შეიძლება შეგვხვდეს, ამ ნაწლში ასევე წარმოდგენილი იქნება გზამკვლევი სტარტაპებისთვის ფინანსური რესურსების მოძიებაში.
რაც შეეხება მესამე ნაწილს, ბანკის პრესსამსახურის ცნობით, მესამე ნაწილში - ქალები, როგორც ტოპ მენეჯერები, მიმოიხილავენ საკითხებს ბიზნესის მართვაში ქალთა როლზე, თითოეულ ნაწილში სპიკერები ასევე ისაუბრებენ წარმატების შთამაგონებელ ისტორიებზე, რომლებიც დამსწრე საზოგადოებისთვის დამატებითი მოტივაციის მომცემი შეიძლება გახდეს.
მონაწილეებს დასკვნით ნაწილში შესაძლებლობა ექნებათ სადისკუსიო პანელში ჩაერთონ და კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღონ მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
„ფორუმი მნიშვნელოვანია ქალ ბიზნესმენთათვის, რადგან დამსწრე საზოგადოება სამაგალითო ქალების გაცნობის გარდა მიიღებს საჭირო ინფორმაციას იმ პროგრამებზე, საგრანტო კონკურსებსა თუ სამთავრობო ინიციატივებზე, რაც დაეხმარება მათ მეტი ცოდნის შეძენასა და იმ უნარების განვითარებაში, რაც თავიანთი ბიზნესისა და კარიერული ზრდისთვის ხელშემწყობი გახდება. ვიმედოვნებთ, დავეხმარებით ქალებს, რომლებიც ნებისმიერი ზომისა და სექტორის ბიზნეს საქმიანობაში არიან ჩართულნი, თავიანთი მიზნების განხორციელებაში“, -განაცხადა BUSINESS GEORGIA-ს გენერალურმა დირექტორმა, ანა გოგიშვილმა.
დამსწრე საზოგადოების რანგში 300-ზე მეტი სტუმარია მიწვეული. მათ შორის როგორც მთავრობის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელები, ქალი მეწარმეები და ასევე დამწყები ბიზნესმენები.
”BUSINESS GEORGIA მსგავსი ბიზნეს ფორუმების სახით ცდილობს წარმოადგინოს საქართველოში არსებული ბიზნეს გარემოს ანალიზი და შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს ყველა იმ დაინტერესებულ მხარეს, რომელიც აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში ბიზნესის განვითარებისათვის საჭირო ხელსაყრელი კლიმატის ფორმირების პროცესში”, - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.