თბილისის საერთაშორისო აეროპორტს Skytrax-ზე აღმ. ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტის სტატუსი ხვდა წილად

ბარსელონაში გამართულ Skytrax World Airport Awards-ზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტად დასახელდა.

"თბილისის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 1.4 მილიონზე მეტ მგზავრს ემსახურება - სწორედ მგზავრების გამოკითხვის შედეგად დასახელდა ის აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტად. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ TAV Georgia-ს ოპერირებაში მყოფი თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მოკლე დროში გადაიქცა აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ჰაბად,” - განაცხადა TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა, მეთე ერქალმა დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

მგზავრთა გამოკითხვის შედეგად - ბუდაპეშტის ფერენც ლისტის, კიევის ბორისპოლის, ტალინის, რიგის, ბრატისლავის, ბელგრადის, თბილისის, სოფიას, ვარნასა და ბურგასის საერთაშორისო აეროპორტები - 2014 წლის აღმოსავლეთ ევროპის 10 საუკეთესო აეროპორტად დასახელდნენ.

Skytrax გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც მრავალი წელია მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს იკვლევს და აფასებს.

World Airport Awards-ი მსოფლიოს 110 სხვადასხვა ეროვნების, 12 მილიონზე მეტი მგზავრის მიერ 410 აეროპორტის შეფასებას ეფუძნება. გამოკითხვის ფარგლებში მგზავრები აეროპორტის სერვისს 39 პუნქტის მეშვეობით აფასებენ. დაწყებული სარეგსიტრაციო პროცედურებით, მოფრენით, ტრანსფერით, სავაჭრო ობიექტებით, უსაფრთხოებით, იმიგრაციით და დასრულებული გაფრენით.

TAV Georgia თურქული TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა, რომელსაც 2007 წლიდან 20 წლიან მართვაში აქვს აღებული თბილისისა და ბათუმის აეროპორტები.