მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ქუჩაში გადანაცვლების შემდეგ, გამოცდაზე გასვლის ღირებულება გაიზრდება

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ქუჩაში გადანაცვლების შემდეგ, გამოცდაზე გასვლის ღირებულება გაიზრდება.

როგორც ”ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა განაცხადა, გამოცდაზე გასვლის ღირებულება საგრძნობლად არ გაძვირდება.

მისივე განმარტებით, გამოცდის ქუჩაში გადანაცვლებიდან გამომდინარე, იზრდება რისკები და შესაბამისად დაემატება ის კომპონენტი, რაც ამ რისკებს მოიცავს.

ამასთან, ჯერჯერობით უცნობია კონკრეტული დრო, როდის შეიძლება ჩატარდეს პრაქტიკული გამოცდები რეალურ მოძრაობაში, თუმცა, მინისტრის მოადგილე ვარაუდობს, რომ შემოდგომის ბოლოს, ან 2018 წლის პირველი იანვრისთვის პრაქტიკული გამოცდის ქუჩაში ჩასატარებლად ინფრასტრუქტურა მზად იქნება.

”ჩვენ დავასრულეთ პროექტირების ეტაპი და ეს არის ტექნოლოგიებზე დამყარებული პროექტი. ძალიან დიდია ტექნოლოგიების როლი. პროექტს სჭირდება ამ ტექნოლოგიების შეძენა, ინფრასტრუქტურის მოწყობა, ეს ყველაფერი ვფიქრობ, შემოდგომაზე დასრულდება. შემოდგომის ბოლოს, ან მაქსიმუმ 2018 წლის პირველი იანვრისთვის მზად იქნება ინფრასტრუქტურა პრაქტიკული გამოცდის ქუჩაში ჩასატარებლად. აქ საუბარი არის ავტოსკოლების როლზეც. ერთია შსს-ს კომპეტენცია, რომ ჩვენ გამოცდა უნდა გავიტანოთ ქუჩაში და გვყავდეს შესაბამისი ავტომობილები, რომლებიც ამ ინფრასტრუქტურას აღიქვამს, მაგრამ მეორეა, როგორი მომზადებული მოვა გამოცდაზე ადამიანი”, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, საუბარია, რომ სამომავლოდ, შესაძლოა მართვის მოწმობის გამოცდაზე გასვლამდე, ავტოსკოლაში სწავლება სავალდებულო გახდეს. შალვა ხუციშვილის განმარტებით, ჯერჯერობით ამაზე საუბარი ნაადრევია.

” ჩვენ ვართ შემუშავების პროცესში, ხედვა უნდა ჰქონდეს განათლების სამინისტროსაც. თავად ავტოსკოლების გარეშე არ გვინდა პროცესი. ამის მერე, ჩვენ ან მივიღებთ ისეთ შედეგს, რომ ავტოსკოლები იქნება სავალდებულო და გარკვეული სტანდარტებით იქნება, ან შეიძლება დარჩეს ეს სფერო ისე, როგორც არის”, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

მისივე ინფორმაციით, სამინისტრო ავტოსკოლების წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს.