მეღორეობის ფერმა „კალანდა“ რეაბილიტაციის ფარგლებში 50%-იან წილს ყიდის. როგორც კომპანიის საინვესტიციო შეთავაზებაში ვკითხულობთ, წილის გაყიდვა 3 მილიონ დოლარად იგეგმება, რაც სრულად მოხმარდება ფერმის რეაბილიტაციას.
„მეღორეობის კომპლექსის პარტნიორები მზად არიან შპს „კალანდას“ 50%-იანი წილი კერძო ინვესტორს 3 მილიონ დოლარად შესთავაზონ. ამასთან, საინვესტიციო რისკების შესამცირებლად, პარტნიორები კომპანიას საკუთრებაში გადასცემენ 8,400,000 ლარად შეფასებულ მიწის ნაკვეთს,“-ნათქვამია ინფორმაციაში.
„კალანდას“ საინვესტიციო წინადადებაში ასევე მითითებულია ინფორმაცია, იმ სამუშაოების შესახებ, რაც სარეაბილიტაციო გეგმის ფარგლებში უკვე განხორციელდა, კერძოდ, მომზადებულია სრული სარეაბილიტაციო გეგმა; გაფორმდა შეთანხმება საპარტნიორო ფონდთან, რომელიც რეაბილიტაციის ფარგლებში განახორციელებს 2,400,000 ლარის ინვესტიციას; დასრულების ფაზაშია მოლაპარაკება, კომპანია "უნისონის" მიერ, ფერმის დაზღვევსთან დაკავშირებით; გაფორმდა ხელშეკრულება ,,საქართველოს ბანკთან’’, რომლის ფარგლებშიც მოხდება კომპანიის დავალიანების რესტრუქტურიზაცია.
საინვესტიციო შეთავაზებაში მოცემულია ასევე ხორცის ბაზრის მიმოხილვაც, რომლის თანახმადაც, ღორის ხორცის სასურსათო მოხმარება ქვეყანაში მზარდი ტენდენციით ხასიათდება. კერძოდ, 2010-2015 წლებში ღორის ხორცის მოხმარება საშუალოდ 9.8%-ით იზრდებოდა და 25.1 ათასი ტონიდან 37.4 ათას ტონამდე გაიზარდა.
ცნობისთვის, კომპანია „კალანდა“2012 წელს სოფელ კოდაში "კაპიტოლ ჰოლდინგმა" დაარსა. მისი სახით შეიქმნა საქართველოში უპრეცედენტო წარმადობის მეღორეობის კომპლექსი, რომელმაც ადგილობრივი ღორის ხორცის ბაზრის მნიშვნელოვანი წილი აითვისა. 2 წლის განმავლობაში ბიზნესი იყო მომგებიანი და მაღალი ზრდის ტემპით ხასიათდებოდა, თუმცა 2014 წელს ფერმაში ღორის კლასიკური ცხელება გავრცელდა, რამაც პირუტყვის პოპულაციის (11 000 ღორის) მთლიანად განადგურება განაპირობა.
ამჟამად შემუშავებული ფერმის სარეაბილიტაციო გეგმა, ფერმის რეპოპულაციასთან ერთად ისეთ პრევენციულ ღონისძიებებს მოიცავს, რომლებიც 2014 წლის შემთხვევის გამეორებას აღმოფხვრის.