საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩინური კომპანია Dafang International Group-ის პრეზიდენტს ლუ იუჰანგს შეხვდა.
როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან იუწყებიან, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების საკითხებს და საინვესტიციო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობას, რაც, მხარეთა შეფასებით, იძლევა დიდ შესაძლებლობას საქართველოსა ჩინეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებისთვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. მხარეებმა ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოში საჯარო და კერძო თანამშრომლობის (PPP) ფორმატში პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე. კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა დაინტერესება თბილისსა და ქუთაისში ლოგისტიკური ცენტრების განვითარების პროექტით.
კომპანია Dafang International Group-ის სათავო ოფისი მდებარეობს ჰონგ-კონგში. კომპანია აქტიურად საქმიანობს ჩინეთის ბაზარზე და სახელმწიფოსთან ერთად, ჩართულია სხვადასხვა რეგიონში მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში საჯარო და კერძო თანამშრომლობის (PPP) ფორმატში.