საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას სახსრების განთავსების რისკებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ აფრთხილებს.
როგორც „ეროვნული ბანკის“ განცხადებაშია ნათქვამი, ის კომპანიები, რომელთა საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ ექვემდებარება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას, შესაძლოა ფიზიკური პირებისაგან მოზიდულ სახსრებს საკმაოდ რისკიან აქტივებსა თუ ბიზნესსაქმიანობაში აბანდებენ, რიგ შემთხვევაში კი მათი საქმიანობა "ფინანსური პირამიდის" ნიშნებსაც ატარებს.
„ბოლო პერიოდში ბაზარზე გამოჩნდა ისეთი ტიპის კომპანიები, რომლებიც თანხის მათთან დაბანდების სანაცვლოდ მომხმარებლებს სხვადასხვა ორგანიზაციებში აღებული სესხების დაფარვასაც სთავაზობენ. კომპანიები ასევე ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას, თითქოს ისინი ლიცენზირებულნი არიან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ. საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ აფრთხილებს მოსახლეობას, საკუთარი თანხების დაბანდებამდე, მათი დაკარგვის რისკის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებლად გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და მიიღონ გონივრული და ინფორმირებული გადაწყვეტილება. ასევე, თანხის დაბანდებამდე აუცილებლად გაითვალისწინონ, რომ მაღალი სარგებელი, სხვა თანაბარ პირობებში, გულისხმობს მაღალ რისკს. ამასთანავე, პოტენციური რისკების შეფასების მიზნით, გადახედეთ თქვენს მიერ უკვე ხელმოწერილ ხელშეკრულებებს და გაარკვიეთ თუ ვის ანდობთ თქვენს დანაზოგებს“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.