საქართველოს საგარეო ვალმა 31 დეკემბერს მთლიანი ეკონომიკის 85%-ს მიაღწია

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 13.6 მილიარდი დოლარი (23.7 მილიარდი ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ის 84.6 %-ია;

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სახელმწიფო საგარეო ვალი 5.4 მილიარდი დოლარით (მშპ-ს 33.2%) განისაზღვრა. სამთავრობო სექტორის ვალი 4.2 მილიარდი დოლარია (მშპ-ს 26%), ეროვნული ბანკის - 338.2 მილიონი დოლარი, ხოლო სახელმწიფო საწარმოების ვალი - 833.5 მილიონი დოლარი. საბანკო სექტორის საგარეო ვალი 2.6 მლრდ აშშ დოლარით განისაზღვრა (4.6 მლრდ ლარი), სხვა სექტორების საგარეო ვალი - 3.4 მილიარდი დოლარით, ხოლო კომპანიათაშორისი ვალი - 3.1 მილიარდი დოლარით.

2013 წლის მეოთხე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 319.6 მილიონი დოლარით გაიზარდა.

სამთავრობო სექტორის უცხოური ვალდებულებები საანგარიშო პერიოდში 97.9 მილიონი დოლარით გაიზარდა, ხოლო ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 35.7 მილიონი დოლარით შემცირდა. საბანკო სექტორის საგარეო ვალდებულებები 237.6 მილიონი დოლარით გაიზარდა, რაც მთლიანად გამოწვეული იყო ოპერაციული ცვლილებების გამო. სხვა სექტორების საგარეო ვალდებულებები 6.2 მილიონი დოლარით შემცირდა. უცხოური კომპანიათაშორისი სესხები კი 25.9 მილიონი დოლარით გაიზარდა.

საანგარიშო პერიოდში უცხოური ვალუტით დენომინირებული საგარეო ვალდებულებების მოცულობა 322.5 მილიონი დოლარით გაიზარდა და 12.9 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც შეეხება ეროვნულ ვალუტაში არსებულ ვალებს, მისი მოცულობა პირიქით, 2.9 მილიონი დოლარით შემცირდა, 781.6 მილიონ დოლარამდე.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 8.7 მილიარდი აშშ დოლარი (15.1 მილიარდი ლარი) შეადგინა, რაც მშპ-ს 53.9%-ია, აქედან, წმინდა სახელმწიფო საგარეო ვალმა 2.5 მილიარდ დოლარს (ანუ, მშპ-ს 15.5 %), ხოლო კერძო სექტორის წმინდა საგარეო ვალმა - 6.2 მილიარდ დოლარს (მშპ-ს 38.4%) მიაღწია.