ინტერნეტ რეკლამაზე დანახარჯები მომავალი ექვის თვის განმავლობაში სატელევიზიო რეკლამის დანახარჯებს გადაუსწრებს.
მარკეტოლოგ მერი კეერის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2017 წლის ბოლოსთვის ინტერნეტ რეკლამაზე დანახარჯები 200 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. სატელევიზიო რეკლამაზე დანახარჯები კი 200 მილიარდ დოლარზე ნაკლები იქნება.
როგორც ონლაინ სარეკლამო კომპანია YuMe -ს წარმომადგენელი მაიკლ ჰუდსი აღნიშნავს, ზემოხსენებული სურათი იმის შედეგია, რომ სატელევიზიო სივრცის მომხმარებლები, ნელ-ნელა ციფრულ სივრცეზე გადადიან.
„ თუმცა, შეცდომა იქნება, თუ ვიტყვით, რომ ეს ორი პლატფორმა ერთმანეთის საწინააღმდეგოები არიან, პირიქით, ვიდეო რეკლამების მომავალი არ შეიძლება მოთავსდეს ერთ რომელიმეში, ეს უფრო შერეული და კომპლექსური საკითხია“, - აღნიშნა მაიკლ ჰუდსმა.
მერი მიკერის კვლევის თანახმად, „გუგლსა“ და „ფეისბუქზე“ ინტერნეტ რეკლამების ზრდის 85% მოდის. ამავე კვლევაშია აღნიშნულია, რომ ინტერნეტ რეკლამაზე დანახარჯების ზრდის მიუხედავად, რეკლამის ამ სახეობის ბაზრისთვის კვლავ პრობლემად რჩება რეკლამის დამბლოკავები.
რაც შეეხება თვითონ კონტენტს, როგორც კვლევაშია ნათქვამი, მომხმარებელი იმ ვიდეო რეკლამას ანიჭებს უპირატესობას, რომელიც გამოტოვების საშუალებას აძლევს. მომხმარებელი ასევე მაღალ შეფასებას აძლევს ისეთ ვიდეორეკლამას, რომლის გადახვევა და გაჩერება შეუძლია.
„მომხმარებლისთვის ყველაზე ინფორმატიული კი პრე-როლის და მომხმარებლის ჩართულობით გამორჩეული ვიდეორეკლამა რჩება“, - ნათქვამია კვლევაში.