15 აგვისტოდან ღამის საათებში ხმაური აიკრძალება

პარლამენტში რამდენიმე თვის განმავლობაში მსჯელობდნენ კანონპროექტზე, რომელიც ხმაურის შეზღუდვას ეხება.

საკანონმდებლო ორგანოში ამბობენ, რომ კანონპროექტი ძალაში 15 აგვისტოდან შევა და დაჯარიმების მექანიზმიც ამ დროიდან ამოქმედდება. პროექტის მიხედვით, მოქალაქეებს ხმაურისთვის თავდაპირველად გააფრთხილებენ, ხოლო მისი განმეორების შემთხვევაში ფიზიკურ პირებს 150 ლარით დააჯარიმებენ, ხოლო იურიდიულ პირებს - 500 ლარით. სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში ფიზიკური პირი - 300 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი - 1000 ლარით. კანონპროექტში არ არის განსაზღვრული ხმაურის დონეები, მაგრამ აღნიშნულია, რომ მთავრობამ 1 ივლისამდე უნდა მიიღოს რეგლამენტი ხმაურის დონის შესახებ.

ევროკავშირის ქვეყნებში ხმაურის ზღვრული დონე ასეა განსაზღვრული: საფრანგეთი - 62 დეციბალი, გერმანია - 49 დეციბალი, ნიდერლანდები - 40 დეციბალი, ფინეთი - 46 დეციბალი, შვედეთი - 51 დეციბალი, ლატვია - 40 დეციბალი.

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებლის შალვა ალავერდაშვილის თქმით, კანონპროექტი ძალაში აუცილებლად უნდა შევიდეს, მაგრამ მთავრობამ გარკვეული ფაქტორებიც უნდა გაითვალისწინოს.

"ზედმეტი ხმაურის აკრძალვა ყველა ქვეყანაშია მიღებული და ამის წინააღმდეგი არავინაა, მაგრამ უნდა გამოიყოს ტურისტული ზონები, სადაც დამსვენებელებს გართობისთვის უფრო მეტი დრო ექნებათ. მაგალითად, ავიღოთ შარდენის ქუჩა, სადაც ღამის საათებში ყოველთვის ხალხმრავლობაა. ასეთ ადგილებში მუსიკა და ხმაური რამდენიმე საათით მეტ ხანს უნდა იყოს დაშვებული, ვიდრე სხვაგან. ბუნებრივია, ხმაურის შეზღუდვა ტურისტულ წერტილებს ხელს შეუშლის, რადგან იქ ხალხი საღამოს 8-9 საათის შემდეგ იკრიბება და მათთვის სასიამოვნო სულაც არ იქნება მუსიკის აკრძალვა. უნდა გავითვალისწინოთ ასეთ ადგილას მცხოვრები ხალხის ინტერესებიც და ისიც, რომ მოსახლეობის 80% იქვეა დასაქმებული და ამ ბიზნესის წყალობით შოულობს საარსებო წყაროს", - აღნიშნავს შალვა ალავერდაშვილი.

რესტორან „ძველი მეტეხის“ დირექტორ ნუგზარ მაჭარაშვილის თქმით, რესტორნების მეპატრონეებს დამატებითი ხარჯის გაწევა მოუწევთ.

"სიტუაცია გვიკარნახებს, რა უნდა გავაკეთოთ და როგორ მოვიქცეთ. ბოლოსდაბოლოს, ხმის ჩამხშობი აპარატურის დაყენებაც შეიძლება, მაგრამ ამას დამატებითი ხარჯები დასჭირდება. ამ მოწყობილობას შენობის გადაკეთება და დამონტაჟება ხომ უნდა? თანაც, ის ხმას ნაწილობრივ ახშობს და ძალიან ხმაურიან კაფე-ბარებს და რესტორნებს მაინც ვერ უშველის. ყველაზე მეტად კი იმას გაუჭირდება, ვისაც კომერციული ფართი დაქირავებული აქვს და ასე მუშაობს", - აცხადებს ნუგზარ მაჭარაშვილი.

საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი ამ კანონპროექტზე უშუალოდ მუშაობდა და აცხადებს, რომ კანონი ყველა ფენის ინტერესებს მაქსიმალურად გაითვალისწინებს.

"კანონპროექტს ამ დღეებში განსახილველად გამოვიტანთ, შემდეგ - პრეზიდენტს გადაეგზავნება ხელმოსაწერად, მესამე მოსმენით კენჭს ვუყრით და 15 აგვისტოდან უკვე ძალაში შევა. ვფიქრობ, ეს კანონი ბიზნესს ნამდვილად არ დააზიანებს. მართალია, ამ ბიზნესის წარმომადგენლებს რაღაც ხარჯის გაწევა მოუწევთ, მაგრამ ერთი კაფე-ბარის, ან რესტორნის გამო ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დავაყენებთ. იმის გამო, რომ რომელიმე კაფეს მფლობელს არ შეუძლია ხმის დამხშობი აპარატურის ყიდვა, ან ვიღაცას არ სურს მუსიკას დაუწიოს, სხვა ადამიანები რატომ უნდა შეწუხდნენ?", - აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.

უმრავლესობის წევრი მიიჩნევს, რომ ერთ წელიწადში ყველა კმაყოფილი იქნება: ბიზნესიც და მოსახლეობაც.

"რატომ არ ვითვალისწინებთ იმ ჰოსტელების და პატარა სასტუმროების მდგომარეობას, რომლებიც გაქრობის პირას დგანან მხოლოდ იმიტომ, რომ ხმაურის გამო იქ არავინ ჩერდება? უნდა დავფიქრდეთ, რა უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის - სასტუმროების და ჰოსტელების ქსელის განვითარება თუ 2-3 პატარა კაფეს არსებობა, რომელიც ღამით ხმაურიან დისკოთეკებს აწყობს? ადამიანს, რომლის ოჯახიც იმ ადგილას ასი და ორასი წელია ცხოვრობს, ვერ ეტყვი, რომ უნდა წავიდეს და სხვაგან გადასახლდეს", - აღნიშნავს ლევან გოგიჩაიშვილი.

კანონს თავიდან საპატრულო პოლიცია დაიცავს და არა მარტო მუსიკა, 11 საათის შემდეგ ნებისმიერი სახის პიროტექნიკის გამოყენებაც აიკრძალება. მოსახლეობა როგორც კი გამოიძახებს, პატრული ადგილზე მივა და თუ ხმაური ზომას აჭარბებს, კანონის დამრღვევს დააჯარიმებს. არსებობს სპეციალური ხელსაწყოები, რომელიც ხმაურის დონეს ზომავს და რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა შეიძინოს. ამ კანონის დაცვა საპატრულო პოლიციას 2018 წლის 1-ელ აპრილამდე დაევალება. 2018 წლის 1-ლი აპრილიდან კი, ეს ფუნქცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს გადაეცემა. რამდენი დეციბალი დადგინდება ზღვრულ დონედ, ეს უკვე მთავრობის საქმეა.

ხათუნა ჩიგოგიძე