ზაფხულის სეზონზე თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლის ბილეთების ფასი იზრდება.
კერძოდ, ბილეთების ფასი 1 ივლისიდან 15-20 სექტემბრამდე პერიოდში იქნება შეცვლილი.
აღნიშნულ პერიოდში, თბილისი-ბათუმის მიმართულებით, „შტადლერის“ მატარებლებზე 1-ლი კლასის ბილეთი - 60 ლარი, მე-2 კლასი კი 24 ლარი, ხოლო ბიზნეს კლასი - 99 ლარი ეღირება. მანამდე არსებული ჩქაროსნული მატარებლების ბილეთების ფასი კი 1 ივლისიდან პირველ კლასზე - 40, ხოლო მე-2 კლასზე - 23 ლარი იქნება.
როგორც რკინიგზაში აცხადებენ, 20 სექტემბრიდან 1 ივლისამდე პერიოდში მგზავრები ფასდაკლებით სარგებლობენ, ხოლო ზაფხულში რკინიგზა ყოველწლიურად საზაფხულო ტარიფებზე გადადის.
„წლევანდელ სეზონზე ფასები ისეთივე იქნება, როგორც წინა ზაფხულს. განსხვავებული და შედარებით მაღალი იქნება ორსართულიანი „შტადლერის“ მატარებლის 1-ლი კლასის ბილეთების ღირებულება. გასულ წელს ახალი მატარებლები ზაფხულის სეზონზე შემოვიყვანეთ და რადგან რეისები ჩაანაცვლეს და სატესტო რეჟიმში მუშაობდნენ, ფასების კორექტირება აღარ მომხდარა. წინა წელს ახალ მატარებლებზეც ისეთივე ფასი იყო, როგორიც ძველ ჩინურ მატარებლებზე და ბილეთები 40 და 23 ლარი ღირდა“, - აღნიშნეს რკინიგზის ცხელ ხაზზე.
20 სექტემბრიდან 1 ივლისის პერიოდში პირველი კლასის მატარებლების ბილეთი - 25 ლარი, მე-2 კლასის კი 18 ლარი ღირს ხოლმე.