მატარებლის ბიზნესკლასითა და I კლასით მგზავრობა ბიუჯეტიდან დოტაციით არ უნდა ხდებოდეს, - ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ ფილიალ „მგზავრთა გადაყვანის“ დირექტორის მოადგილე დაჩი ცაგურიამ განაცხადა, რითაც გარკვეული კატეგორიის ბილეთის ფასის გაზრდის მიზეზები განმარტა.
მისივე თქმით, 1-ელი ივლისიდან თბილისი-ბათუმის მიმართულებით რკინიგზის ბილეთის ფასის კორექტირება მხოლოდ ბიზნესკლასისა და I კლასის მგზავრებისთვის მოხდება. ეკონომკლასის მგზავრებისთვის მგზავრობის თანხა უცვლელი დარჩება.
„ეს არის ის მაღალი კლასის სეგმენტი, რომელიც მუდმივად ითხოვს მომსახურების მაღალ სტანდარტებს. „საქართველოს რკინიგზა“ და ზოგადად სამგზავრო გადაყვანები დოტაციურია, ბიუჯეტიდან სუბსიდირებით ხდება. ჩვენ არ ვთვლით, რომ ბიზნესკლასისა და I კლასის შენახვა დოტაციით უნდა ხდებოდეს“, - განაცხადა დაჩი ცაგურიამ.
მისივე თქმით, მატარებლის ვაგონში 400 ბილეთიდან 351 ეკონომკლასისაა და ბილეთის ღირებულება ზაფხულის პერიოდში კვლავ 24 ლარი იქნება.
ცაგურიას განცხადებით, ბიზნესკლასის 9 ადგილია და ბილეთის საფასური 100 ლარს შეადგენს, ხოლო I კლასის 40 ადგილია და ბილეთის ღირებულება 60 ლარს შეადგენს.