საქართველოში კატარელი ბიზნესმენები ჩამოვიდნენ

1-4 აპრილს საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო საქართველოში კატარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი კომპანიების მაღალი რანგის წარმომადგენლებს უმასპინძლებს.

საინვესტიციო სააგენტოს ინფორმაციით, დელეგაციას კატარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრი და კატარში ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატის, Al Baida Group-ის თავმჯდომარე, ალი ალ მისნადი უხელმძღვანელებს.

დღესვე დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან. შემდგომ დელეგაციის წევრებს ექნებათ საქმიანი შეხვედრები ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან. კატარელ ბიზნესმენებს ასევე შეხვდებიან სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია.

დელეგაცია 20 წამყვანი კომპანიის წარმომადგენლისაგან შედგება, ისეთი ბიზნეს სექტორებიდან, როგორებიცაა: ტურიზმი და უძრავი ქონება, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა ლოგისტიკა, სოფლის მეურნეობა, საბანკო-საფინანსო და სხვა.

საქართველოში ისინი სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობათა შესწავლის მიზნით ჩამოდიან.

ვიზიტის ფარგლებში, 2 აპრილს 09:00 საათზე, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" გაიმართება საქართველო-კატარის ბიზნეს ფორუმი. ღონისძიების ფორმატი ითვალისწინებს ორმხრივ B2B შეხვედრებს, სადაც ბიზნესის წარმომადგენლები შეძლებენ გამოცდილების გაზიარებას და თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვას.

დელეგაციის წევრები ასევე მოინახულებენ სხვადასხვა ქართულ საწარმოებს, როგორებიცაა "ბარამბო" და "კულა", სადაც გაეცნობიან საქართველოში საკვების წარმოება/გადამუშავების სექტორში წარმატებულ კომპანიებს. ვიზიტის დასრულებისას დელეგაციის წევრები გაემგზავრებიან ბათუმში, სადაც ადგილზე გაეცნობიან საქართველოს მთავარ საზღვაო კურორტზე ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებს.