საპარლამენტო უმრავლესობა პარკირების წესების დარღვევაზე 10-ლარიანი ჯარიმის შენარჩუნების მიზეზად იმ გარემოებას ასახელებს, რომ ჯარიმის გაზრდის შემთხვევაში, შემოსავალი ”სითი პარკს” გაეზრდება.
პარლამენტის მიერ, აპრილის თვეში, ”ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” განხორციელებული ცვლილებებით, ამკრძალავი ნიშნების ”გაჩერება აკრძალულია“ და ”დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობაზე, ასევე დგომა-გაჩერების წესების დაღვევაზე არსებული 10 ლარიანი ჯარიმის 20 ლარამდე გაზრდა გადაწყდა. გაზრდილი ჯარიმა 1-ელი ივლისიდან შედის ძალაში, თუმცა ახლა მმართველ უმრავლესობას აღნიშნულ კანონში კვლავ ცვლილებები შეაქვს და 10-ლარიან ჯარიმას ინარჩუნებს.
საკითხს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს. როგორც ცვლილებების ერთ-ერთმა ინიციატორმა ივლიანე წულაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განმარტა, ჯარიმის გაორმაგებით კომპანია ”სითი პარკი” დამატებით შემოსავალს მიიღებს და ეს თანხა დაახლოებით 5 მილიონი ლარია.
ივლიანე წულაიამ აქვე აღნიშნა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების რეგულირების მიზნით, თბილისის მთავრობას ექსკლუზიური ხეშეკრულება სწორედ ”სითი პარკთან” აქვს გაფორმებული და კაბალური პირობების გამო, ის 2025 წლამდე ძალაში რჩება.