”სითი-პარკი“ და მისი მსგავსი კონტრაქტები, დღემდე რჩება მოსახლეობის თავის ტკივილად, ეს როგორმე უნდა გადაწყდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ”სითი-პარკთან” გაფორმებულ ხელშეკრულებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ”სითი-პარკი” მოსახლეობისთვის თავსატეხია და დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება.
”როდესაც ”სითი პარკზე“ ვსაუბრობთ, გასაგებია, რომ წინა ხელისუფლების დროს გაფორმებული ეს ხელშეკრულება რეალურად ეხლაც თავსატეხია, არა მარტო ჩვენთვის, პირველ რიგში, მოსახლეობისათვის. მინდა, ერთი ძალიან მკაფიო პოზიცია დავაფიქსირო ამასთან დაკავშირებით - ამ საკითხის გადაწყვეტის გზა ჩემთვის პირველ რიგში იწყება ”სითი-პარკთან“ ხელშეკრულების გაუქმებით და მისი გაშვებით, ეს არის ჩემი მოსაზრება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ როგორმე მოვახერხებთ შემდგომში ამ საკითხის დაყენებას და განხილვას. მიუხედავად იმისა, ახლა შუალედური გადაწყვეტილებები არ უნდა იყოს, როგორც ის ხელისუფლება გავისტუმრეთ ჩვენ შესაბამის ადგილას, ”სითი-პარკის“ და მისი მსგავსი კონტრაქტები, რომელიც დღემდე რჩება მოსახლეობის თავის ტკივილად, როგორმე უნდა გადაწყდეს - ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა და ოპოზიციის პასუხისმგებლობა არ არის. ოპოზიცია ყველაფერზე არხეინად საუბრობს“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.