”მრეწველების” იმპორტული ინიციატივა - დაბეგვრის სპეციალური წესი უნდა გაუქმდეს, თუ გავრცელდეს ყველაზე

იმპორტიორებისთვის საქონლის იმპორტის დღგ-ით დაბეგვრისას გათვალისწინებული შეღავათიანი პირობები უქმდება - ინიციატივა, რომელიც საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანას გულისხმობს, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველებს“ ეკუთვნის.

კანონის ამჟამად მოქმედი რედაქციით, „პირს, რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში დასაბეგრი ოპერაციების მიხედვით დეკლარირებული და ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ს თანხა 200 000 ლარს გადააჭარბებს, უფლება აქვს, გადავიდეს იმპორტის დღგ-ით დაბეგრვის სპეციალურ წესზე“. ამავე მუხლის (162-ე) მეორე ნაწილით დაზუსტებულია, რომ პირისათვის დაბეგრვის ობიექტად საქონლის იმპორტი არ განიხილება. ამასთანავე, ითვლება, რომ საქონლის იმპორტის საანგარიშო პერიოდის მიხედვით პირმა დასაბეგრი იმპორტის მიხედვით განსაზღვრულ საქონელზე მიიღო ჩათვლა.

თუ პირი წერილობით არ მიმართავს საგადასახადო ორგანოს იმპორტის დღგ-ით დაბეგრვის სპეციალურ წესზე გადასვლის სურვილის არარსებობის თაობაზე, მაშინ იგი იმპორტის დღგ-ით დაბეგრვის სპეციალურ წესზე გადასულად შესაბამისი საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან ითვლება. იმპორტის დღგ-ით დაბეგრვის სპეციალურ წესს საქართველოს ფინანსთა მინისტრი განსაზღვრავს.

როგორც განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, დღეს არსებული ეს საკანონმდებლო ნორმა არაკონკურენტულ გარემოს ქმნის იმ პირთა მიმართ, რომელთაც ზემოხსენებული ოდენობის ბრუნვა არ გააჩნიათ. შესაბამისად, ცვლილების ინიციატორთა აზრით, ამ ნორმით იმპორტიორი ადგილობრივ მეწარმესთან შედარებით უკეთეს პირობებში ხვდება: საქონლის იმპორტისას მეწარმეს შეუძლია ისარგებლოს დღგ-ს სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და გარკვეული პერიოდის განმავლობაში წარმოეშვება ე.წ. „თავისუფალი ფული“. ხოლო ადგილობრივი ნედლეულის შეძენისას პირი ასეთი რეჟიმით ვერ ისარგებლებს, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში საქონლის ღირებულება მოიცავს დღგ-ს თანხას, შესაბამისად, პირი დღგ-ს შეძენისთანავე იხდის. როგორც განმარტებით ბარათში წერია, ცვლილება ამ ხარვეზის აღმოფხვრას ითვალისწინებს.

კანონროექტის ერთ-ერთი ავტორი გოგი თოფაძე მიიჩნევს, რომ არსებული შეღავათები იმპორტიორსა და ადგილობრივ მეწარმეს არათანაბარ პირობებში აყენებს.

„თუ ქარხანა შეიძენს თამბაქოს თურქეთში ან ბულგარეთში, მას შეუძლია რამდენიმე თვის დაგვიანებით გადაიხადოს დამატებითი ღირებულების გადასახადი, როდესაც ადგილობრივი წარმოების ნედლეულის შეძენის შემთხვევაში, ბიზნესს დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდა მყისიერად უწევს. რატომ უნდა იყოს მეწარმისთვის ბულგარული ან თურქული თამბაქო უფრო იაფი, ვიდრე ქართული? რეალურად, სახელმწიფო იმპორტიორს აძლევს მოკლევადიან უპროცენტო სესხს,“ - განმარტავს თოფაძე.

„მრეწველების“ ინიციატივას ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ეთანხმება და ამბობს, რომ გარკვეული კატეგორიის იმორტიორები საგადასახადო შეღავათებით არ უნდა სარგებლობდნენ.

"როგორც აღმოჩნდა, მეწარმეთა ნაწილი გარკვეული პერიოდის შემდეგ იხდის დამატებითი ღირებულების გადასახადს, რაც მათ არათანაბარ პირობებში აყენებს მცირე და საშუალო საწარმოებთან შედარებით და ასევე ადგილობრივ მწარმოებლებს. ამიტომ ფრაქცია "მრეწველებმა" მოამზადეს პროექტი, ჩვენ გავეცანით და ვეთანხმებით. უკმაყოფილება არ უნდა გამოიწვიოს ამ პროექტმა, რადგან ყველა გადამხდელი უნდა იყოს თანაბარ პირობებში, რათა ჰქონდეთ შესაძლებლობა ერთმანეთს კონკურენცია გაუწიონ და კონკურენტულ ბრძოლაში მოგებული დარჩება მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებელი", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ეკონომიკის ექსპერტების ნაწილი მრეწველების ინიციატივას უარყოფითად აფასებს. „ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე თვლის, რომ ამ ინიციატივის მიღება უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.

„გადაწყვეტილება საპირისპირო უნდა ყოფილიყო და აღნიშნული შეღავათი ყველასთვის გავრცელებულიყო. ეს ცვლილება გაუძვირებს მსხვილ კომპანიებს საოპერაციო ხარჯებს და რაც მთავარია, ეს არ უნდა აძლევდეს ხელს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს. ფაქტია, რომ სისტემის ნებისმიერი გართულება არის უკან გადაგმული ნაბიჯი და მანდამაინც სულელური, წინააღმდეგობრივი და ანტისაბაზრო ეკონომიკური ცვლილებები ყოველთვის რატომ უჩნდებათ მრეწველებს, ვერ ვხდები. ეს ცუდად იმოქმედებს ბიზნეს გარემოზე და ცოტა ხანში აისახება რეიტინგებზეც,“ – განაცხადა შეშელიძემ.

როგორც ეკონომისტმა ირაკლი ლექვინაძემ bpn-თან საუბარში განაცხადა, ამ ინიციატივის შედეგი იქნება ის, რომ მსხვილ იმპორტიორებს მდგომარეობა გაურთულდებათ.

„დაბეგვრა შემოტანის დროს ეს არის პრინციპულად არასწორი. დაბეგვრა უნდა მოხდეს მომხმარებისთვის მიწოდებისას და არა საზღვარზე შემოტანისას. ვთქვათ, შემოვიტანე პროდუქცია და გავაჩერე საწყობში 5 - 6 თვე. წინასწარ რატომ უნდა მართმევდეს სახელმწიფო ფულს, რომელიც, დავუშვათ, ჩემთვის საბრუნავ კაპიტალში ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ეს იქნება არასწორი სახელმწიფოს მხრიდან და ჩემთვის გაუგებარია, რატომ დაუდგათ დღის წესრიგში ამ საკითხის გამოტანა. დღეს არსებული მოდელი გაცილებით უკეთესია, ვიდრე ამ ინიციატივის მიღების შემთხვევაში იქნება, თუმცა არსებულ მოდელსაც გაუმჯობესება სჭირდება. გაუაზრებელია, არასასურველია და არაარგუმენტირებულია აღნიშნული ინიციატივა,“ - განაცხადა ლექვინაძემ.

ჩვენი მცდელობა გაგვერკვია, თუ რა პოზიცია აქვთ ამ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით იმპორტიორებს, უშედეგო აღმოჩნდა. იმპორტიორებმა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების გარშემო ბიზნესთან დამატებითი კონსულტაციების საჭიროებას ხედავს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აღნიშნულ ინიციატივას ბიზნესმენები ნაკლებ პოზიტიურად მიიჩნევენ.

ასოციაციის განმარტებით, გარდა იმისა, რომ ცვლილება დიდწილად უარყოფითად იმოქმედებს ზოგადად ბიზნეს გარემოზე, სავარაუდოდ, ის ვერც მისი მიღების შემთხვევაში დეკლარირებულ მიზნებს მოემსახურება. ამის მიზეზად ასოციაციაში იმას მიიჩნევენ, რომ დამატებითი ღირებულების გადასახადი არ არის მეწარმეთა, ამ შემთხვევაში, იმპორტიორთა ან მწარმოებელთა გადასახადი, არამედ ეს წარმოადგენს საბოლოო მომხმარებლის გადასახადს, რომლის გადახდა ხდება შესაბამისი პროდუქციის შეძენისას.

ასოციაციის ინფორმაციით, დღეს არსებული მდგომარეობით, იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური წესით სარგებლობს ის მეწარმე, რომლის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს დაახლოებით 1.1 მლნ ლარზე მეტს.

"ფაქტობრივად, ძნელია ასეთ საწარმოებს დაარქვა მსხვილი, უფრო მეტიც, ეს ბრუნვა საუკეთესო შემთხვევაში შეესაბამება საშუალო ზომის საწარმოების ქვედა ზღვარს. დღეს არსებული შეღავათის გაუქმება ვერაფერში დაეხმარება წვრილ საწარმოებს, რადგან მათ ისევ ძველებურად მოუწევთ ბიუჯეტთან ანგარიშსწორება, საშუალო და მსხვილ იმპორტიორებს კი ნამდვილად დააზარალებს და გაუზრდის ხარჯებს, რაც დაკავშირებულია დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზებასთან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოში ფინანსებზე ხელმისაწვდომობა დღემდე ბიზნესისათვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად რჩება. ბიზნესის აზრით, ამ გადაწყვეტილების ალტერნატივად, შესაძლოა, განხილულ იქნეს იმპორტის დაბეგვრის სპეციალური წესის გავრცელება დღგ-ის ყველა გადამხდელზე, რაც, ერთი მხრივ, მცირე იმპორტიორებს გაუადვილებს ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას, მეორე მხრივ კი, მომხმარებელს დაიცავს იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასის ზრდისაგან", - აცხადებენ ბიზნესასოციაციაში.

საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილება პარლამენტში მესამე მოსმენით განსახილველად უკვე მზადაა. ამ ეტაპზე უცნობია, რამდენად გაითვალისწინებს მთავრობა ბიზნესის შენიშვნებს საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით.