პორტუგალიაში მიმდინარე, ცენტრალური ბანკების კონფერენციაზე გამოსვლისას, ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) პრეზიდენტმა მარიო დრაგიმ მიანიშნა, რომ შესაძლოა, ECB-მ მალე დაიწყოს ევროკავშირის ეკონომიკის სტიმულირების შეკვეცა ან საერთოდ გააუქმოს ის.
ამის გამო, ინვესტორებმა, ვინც დოლარის სიმყარეზე აკეთებენ აქცენტს, სწრაფად შეცვალეს საკუთარი პოზიციები, რამაც ევროს სწრაფი გამყარება გამოიწვია. ევროპული ვალუტის კურსმა ამერიკულ დოლართან მიმართებაში, ერთ დღეში დაახლოებით 200 პუნქტით მოიმატა, რაც ყველაზე მკვეთრი გამყარებაა ბოლო ერთი წლის განმავლობაში.
„დოიჩე ბანკის“ ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ევრო-დოლარის წყვილის კურსს რეალური შანსი აქვს, ზედა მიმართულებით გაარღვიოს შუალედი 1.05-1.15, რომელშიც ბოლო ორწელიწადნახევარი მოძრაობს. მიმდინარე წლის დასაწყისში, წყვილის ფასი 1.0337 დოლარამდე შემცირდა, რაც 2002 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. თუმცა მას მერე სტაბილურად იზრდება და დრაგის გამოსვლის შემდეგ 1.1400-ს მიუახლოვდა.
ევრო-დოლარის კურსმა ძლიერი კლება 2014 წლის მაისში დაიწყო (1.3992-დან) მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების ფედრეზერვმა რაოდენობრივი შემსუბუქების შეკვეცის პროცესი დაიწყო და გამოაცხადა, რომ დოლარზე საპროცენტო განაკვეთის ზრდას დაიწყებდა.
„დოიჩე ბანკის“ ანალიტიკოსი გეორგე სარაველოსი ცოტა ხნის წინ ვარაუდობდა, რომ ევრო-დოლარის კურსი 0.85-მდე დაეცემოდა, თუმცა დრაგის გამოსვლის შემდეგ პოზიცია შეცვალა და ფიქრობს, რომ წლის ბოლოს კურსი 1.16-ს მიაღწევს.
დრაგის გამოსვლის გარდა, მთავარი სავალუტო წყვილის კურსზე იმ გარემოებამაც იმოქმედა, რომ აშშ-ში რესპუბლიკელებმა ვერ შეძლეს ჯანდაცვის ახალი კანონმდებლობის გატანა, რასაც დოლარის დასუსტება მოჰყვა.
მართალია, ECB-ს ეკონომიკის სტიმულირების შესაძლო შეწყვეტასთან დაკავშირებით, ჯერ ოფიცალური გადაწყვეტილება არ მიუღია, მაგრამ დრაგის მინიშნება საკმარისია იმისთვის, რომ ინვესტორებმა სავალუტო ოპერაციების განხორციელებისას, მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ. ეს კი ნიშნავს, რომ ევრო-დოლარის წყვილის ფასს შემდგომი აღმავლობა ელის. თუმცა, ეს არ იქნება უწყვეტი პროცესი.