ჯინა დევისის გენდერის ინსტიტუტისა და ჯეი უოლტერ ტომპსონის კვლევის თანახმად, კაცები 4-ჯერ უფრო მეტად არიან რეკლამებში წარმოდგენილი, ვიდრე ქალები.
კვლევის თანახმად, რეკლამებში ასევე ორჯერ მეტად არიან მამრობითი სქესის მოქმედი გმირები, ვიდრე ქალი მოქმედი გმირები.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, კაცები ნაჩვენები არიან რეკლამების 25%-ში, ქალები - 5%-ში. კაცების ხმა ისმის რეკლამების 18%-ში, ხოლო ქალების ხმა - 3%-ში.
კვლევის შედეგად ასევე აღმოჩნდა, რომ რეკლამაში გადაღებული ქალების ასაკი მეტწილად 20-დან 40 წლამდეა მაშინ, როცა კაცების ასაკობრივი დიაპაზონი გაცილებით ფართოა. გარდა ამისა, კაცები 62%-ით უფრო მეტჯერ არიან ნაჩვენები ინტელექტუალური გმირების როლში. ქალების გმირები რეკლამებში 48%-ით მეტჯერ ჩანან სამზარეულოში მაშინ, როცა კაცის გმირები 50%-ით მეტჯერ არიან ნაჩვენები სცენებში, რომლებიც სპორტულ დარბაზებშია გადაღებული.
ჯინა დევისის გენდერის ინსტიტუტისა და ჯეი უოლტერ ტომპსონის კვლევა 10 წლის განმავლობაში - 2006-დან 2016 წლამდე მიმდინარეობდა. კვლევის ავტორებმა ამ პერიოდში კანის „ოქროს ლომების“ რეკლამის საერთაშორისო ფესტივალზე Film-ისა და Film Craft-ის კატეგორიის შორტ-ლისტში მოხვედრილი და გამარჯვებული აუდიო და ვიდეო კონტენტი შეისწავლეს.