თუ გაანგარიშებები, წინასწარი მოსაზრებები და განწყობები ერთმანეთს დაემთხვევა, ამ შემთხვევაში შესაძლოა, მივიღოთ გადაწყვეტილება პეკინის ქუჩაზე ცალმხრივ მოძრაობასთან დაკავშირებით , - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.
დედაქალაქის მერი პეკინის ქუჩაზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. დავით ნარმანიას შეფასებით, სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და არცერთ კომპანიას ჩამორჩენა არ აქვს. თბილისის მერის თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია 10 სექტემბერს დასრულდეს. რაც შეეხება სამუშაოების დასრულების შემდეგ აღნიშნულ ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობის დაწესებას, დავით ნარმანიას თქმით, მისი დავალების საფუძველზე ამ საკითხს ტრანსპორტის საქალაქო სამსახური ამუშავებს.
”ამ საკითხზე მძღოლები და მოსახლეობა პრაქტიკულად ერთსულოვანი არიან. ჩემი დავალების შესაბამისად, სატრანსპორტო სამსახური მუშაობს ნაკადების გაანგარიშებაზე და ათანხმებს საპატრულო პოლიციასთან. თუ გაანგარიშებები და წინასწარი მოსაზრებები და განწყობები ერთმანეთს დაემთხვევა, ამ შემთხვევაში შესაძლოა მივიღოთ გადაწყვეტილება ცალმხრივ მოძრაობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება პარკირებას, პარკირება იქნება, თუმცა გადალაგდება ახალი მიმართულებების მიხედვით”, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.