პარლამენტმა დღისა და ღამის საათებში ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებით კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.
კენჭისყრაზე ცვლილებებს 83-მა დეპუტატმა, არცერთის წინააღმდეგ მისცა ხმა.
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შეტანილი ცვლილებების მიხედვით, დღისა და ღამის საათებში საცხოვრებელი სახლების, კერძო საკუთრების უძრავი ქონების და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება გამოიწვევს ფიზიკური, იურიდიული პირის გაფრთხილებას.
დღის საათებად ითვლება 08.00 სთ-დან 23.00 სთ-მდე, ღამის საათებად – 23.00 სთ-დან 08.00 სთ-მდე.
გაფრთხილებიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის - 500 ლარის ოდენობით.
ამ სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელდადებული პირის მიერ იგივე ქმედების ჩადენა და ამ ქმედების ჩადენის შემდგომ იგივე ქმედების განხორციელება ადმინისტრაციული სახდელდადებული პირის სტატუსის გაუქმებამდე გამოიწვევს დაჯარიმებას ფიზიკური პირის - 300 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის – 1000 ლარის ოდენობით.
ამავე ცვლილებებით, ღამის საათებში პიროტექნიკურ ნაკეთობათა გამოყენება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის - 500 ლარის ოდენობით. სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის განმეორებით და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა - გამოიწვევს დაჯარიმებას ფიზიკური პირის - 300 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის – 1000 ლარის ოდენობით.
ამ მუხლის ნორმები არ ვრცელდება ახალი წლის (31 დეკემბრის 21 სთ-დან 2 იანვრის 23 სთ-მდე, 13 იანვრის 21 სთ-დან 14 იანვრის 23 სთ-მდე), საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის (9 აპრილი და 26 მაისი) სადღესასწაულო დღეებზე.