მიმდინარე წლის მაისში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 4 827 ერთეული შეადგინა, რაც აპრილთან შედარებით 26.8%-ით, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 26.5%-ით მეტია.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მაისში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტებიდან 97.3% სამეწარმეო სუბიექტია (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი), ხოლო 2.7% - არასამეწარმეო სუბიექტი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი).
2017 წლის მაისის თვეში წინა თვესთან შედარებით სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 26.8%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 26.7%-ით გაიზარდა. განსხვავებული ტენდენცია დაფიქსირდა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით: სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 28.0%-ით გაიზარდა, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 11.7%-ით შემცირდა.
გასულ თვეს ქვეყანაში დარეგისტრირდა: 128 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 28 კოოპერატივი, 21 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 16 სააქციო საზოგადოება და 2 სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება.
აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტი 2 029 ბიზნეს სუბიექტი თბილისში, ყველაზე ცოტა 71 ერთეული კი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დარეგისტრირდა.