მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა სისტემის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული პირობები განისაზღვრა

შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ბრძანებით, მართვის მოწმობებისათვის მინიჭებული ქულათა სისტემის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული პირობები და პროცედურები განისაზღვრა.

კერძოდ, განისაზღვრა საქართველოსა და სხვა ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობისთვის ქულათა სისტემის მინიჭების საფუძვლები; ქულათა სისტემის ადმინისტრირება განხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით;

შს მინისტრის ბრძანების თანახმად, საგზაო მოძრაობის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირებას განახორციელებს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურე, ხოლო იმ ტერიტორიაზე, რომელიც არ შედის სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიაში - სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურე;

ასევე განისაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვალდებულება, სამართალდამრღვევის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, ქულების რაოდენობის ყოველი შემცირებისას მართვის მოწმობის მფლობელი გააფრთხილოს მართვის უფლების შეჩერების რისკის შესახებ ელექტრონული ფოსტით ან/და მოკლე ტექსტური შეტყობინებით;

გიორგი მღებრიშვილის ბრძანებით, განისაზღვრა მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა შემცირების სამართლებრივი შედეგები და მისი გასაჩივრების წესი;

ქულათა კლების სისტემა არ გავრცელდება ფოტოფირზე ან/და ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, ასევე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის გამო დაკისრებულ საურავზე. ბრძანება 2017 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება.