რა პერსპექტივა აქვს ქართულ თევზს ევროკავშირის ბაზარზე

ევროკავშირმა საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალს დაუმატა, საიდანაც ევროპის ბაზარზე თევზის პროდუქტების შეტანაა დაშვებული.

შესაბამისად, საქართველო შეძლებს ამ პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში განახორციელოს. დღემდე ჩვენი ძირითადი საექსპორტო ბაზარი თურქეთი იყო, სადაც 30 მილიონ დოლარამდე ღირებულების თევზი გადიოდა. ახლა კი საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა, 500-მილიონიან ევროპულ ბაზარზეც ადგილი დაიმკვიდროს.

თემასთან დაკავშირებით "ბიზნესპრესნიუსი" გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსს არჩილ გუჩმანიძეს ესაუბრა:

- თურქეთის შემდეგ, საქართველო შავ ზღვაში მეორე ადგილზეა თევზის მოპოვების მხრივ. აქვე გეტყვით, რომ ჩვენი თევზჭერის დიდი წილი ქაფშიაზე მოდის, რადგან ქაფშია შავ ზღვაში ყველაზე გავრცელებული და მრავალრიცხოვანი თევზია. მაგალითად: 2016-2017 წლების სეზონზე საქართველომ 49 ათას ტონაზე მეტი თევზი მოიპოვა და აქედან 48 ათას ტონაზე მეტი ქაფშია იყო. რაც შეეხება სხვა თევზებს, მათი წილი ამ დარგში საკმაოდ მოკრძალებულია: 2016-2017 წლების სარეწაო სეზონზე მხოლოდ 344 ტონა თევზი მოვიპოვეთ გარდა ქაფშიისა.

- ბატონო არჩილ, მდინარეებსა და ტბებშიც ხომ ამრავლებენ თევზებს?

- სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენს მდინარეებში, ტბებსა და წყალსაცავებში თევზის მოპოვება უმნიშვნელოა, თუმცა ჩვენს ქვეყნაში აკვაკულტურა საკმაოდ განვითარებულია. ქართველი მეწარმეები ტბორული მეთოდით თევზებს ტბორებსა და გუბურებში ამრავლებენ. ძირითადად ეს არის კობრი, თეთრი სქელშუბლა, ჭრელი სქელშუბლა, თეთრი ამური და სხვა დასახელების თევზები... გარდა ამისა, საქართველოში საკმაოდ გავრცელებულია თევზის მოშენება გამდინარე აუზებში. ამ მეთოდით უფრო ხშირად ცისარტყელა კალმახს ამრავლებენ. ბოლო წლებში საკმაოდ პოპულარული გახდა ზუთხისებრთა აკვაკულტურაც. ექსპერტთა შეფასებით აკვაკულტურის წლიური პროდუქცია საქართველოში 1500 ტონის ფარგლებში მერყეობს.

- ევროკავშირში ქართული თევზის ნაწარმის ექსპორტი უკვე შესაძლებელია. რას მოუტანს ეს თევზის მრეწველობას?

- ის, რომ ევროკავშირმა ჩვენს თევზს ბაზარი გაუხსნა, სერიოზული აღიარება და ძალიან კარგი ამბავია. ეს უპირველესად ნიშნავს, რომ საქართველო ევროპაში გამორჩეული ქვეყანაა, სადაც დიდი რაოდენობით ქაფშია მოიპოვება. საქმე ის არის, რომ ამ თევზის რაოდენობა ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში კლებულობს, საქართველოში კი - პირიქით, მატება აღინიშნება. ევროპაში ეს დეფიციტური პროდუქციაა, რომელზეც დიდი მოთხოვნაა და ამის გამო საქართველო მათთვის საინტერესო ქვეყანაა. ევროპელებს სურთ, ამ თევზის დეფიციტი საქართველოს მიერ მოპოვებული პროდუქციით შეავსონ, რაც ჩვენთვისაც მომგებიანი იქნება. ევროპული ბაზრის გახსნა სულ სხვა პერსპექტივებს გაუხსნის ამ დარგს და ეს ძალზე მნიშვნელოვანი სიახლეა ჩვენი ქვეყნისთვის. გარდა ამისა, საქართველოს უნიკალური პოტენციალი აქვს ცივი წყლის აკვაკულტურის მხრივაც, უკვე გითხარით, რომ საქართველოს აკვაკულტურის პროდუქცია 1500 ტონის ფარგლებშია, მაგრამ ეს არის მხოლოდ 10-15% იმ პოტენციალისა, რაც ამ მიმართულებით გვაქვს. ქართული ბაზარი ევროპისთვის ამ მხრივაც საინტერესოა: ჩვენი მთის მდინარეები და ბუნებრივი წყაროები საშუალებას გვაძლევს, რომ უფრო დიდი რაოდენობით კალმახი მოვაშენოთ და ქართულმა კალმახმა ევროპაში ადგილი დაიკავოს, როგორც გამორჩეულმა ბრენდმა.

- ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საექსპორტო ბაზარიც გაფართოვდება...

- რა თქმა უნდა, აქამდე ჩვენი თევზჭერა მთლიანად თურქეთზე იყო ორიენტირებული, სადაც ძირითადად გადამუშავებული თევზის პროდუქტები გადიოდა. ასე მაგალითად: 2015-2016 წლების სეზონზე საქართველოში მოპოვებული თევზის 91 პროცენტი ფქვილისა და ზეთის სახით გადამუშავდა და დიდი რაოდენობით გავიდა თურქეთში. თევზის ფქვილსა და ზეთზე დიდი მოთხოვნაა არა მარტო თურქეთში, არამედ მთელ ევროპაშიც, რადგან ეს პროდუქტი კომბინირებული საკვების ძირითად მასად გამოიყენება - ორივეს ფართო გამოყენება აქვს მეფრინველეობაში, მეცხოველეობაში, აკვაკულტურაში. დღეისთვის საქართველოში 5 გადამამუშავებელი საწარმოა, საიდანაც ოთხი სწორედ ფქვილსა და ზეთს აწარმოებს და მხოლოდ ერთია თევზის გამყინავი საწარმო.

- ბატონო არჩილ, შეიძლება ჩვენი პროდუქცია თურქეთს ჰყოფნიდა, მაგრამ ევროკავშირის 500-მილიონიან ბაზარს როგორ გაწვდება?

- ჩვენ იმდენ თევზს ვერ მოვიპოვებთ, რომ ევროპა დავაკმაყოფილოთ, მაგრამ აკვაკულტურის განვითარებას თუ მოვახერხებთ, საქართველოს შეუძლია სერიოზული ნიშა დაიკავოს ევროპის ბაზარზე. საქართველოს შეუძლია ეს 500-მილიონიანი ბაზარი საინტერესო პროდუქციით შეავსოს და გაამრავალფეროვნოს. თანაც, გვიჩნდება პერსპექტივა, რომ ჩვენი თევზჭერა გაყინული და ნედლი თევზის ექსპორტზეც გადავიდეს. ასევე - საკონსერვო მრეწველობაც განვითარდეს და ჩვენთან წარმოებული კონსერვებით მოვამარაგოთ ევროპის ბაზარი. მოკლედ, ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. მეთევზეობაში საქართველოს ძალიან დიდი რესურსი აქვს, რომელიც სათანადოდ არ არის გამოყენებული. ყველაზე დიდი მინუსი კი ის არის, რომ გადამამუშავებელი მრეწველობა სათანადო დონეზე არ დგას. თუ გვინდა ევროკავშირის ბაზარზე წარმატებას მივაღწიოთ, ეს ნაკლოვანება უნდა გამოვასწოროთ.

ხათუნა ჩიგოგიძე