კუსტარული წარმოების კონტროლის  2020 წლამდე გადავადებას არასამთავრობოები აპროტესტებენ

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი" ”სურსათის უვნებლობის კანონის” კუსტარული წარმოების კონტროლის გადავადებას აპროტესტებს.

ორგანიზაციის ვებ-გვერდზე ”მომხმარებელი.ჯი”-ზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 20 მარტს საქართველოს მთავრობამ პარლამენტში წარადგინა "სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის" ცვლილების პროექტი, რომელიც თავდაპირველი ვერსიით, სურსათის უვნებლობის კონტროლის გამკაცრდებასა და გაფართოვებას ითვალისწინებდა. აღნიშნული ცვლილებები ხელისუფლებამ არაერთხელ განიხილა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, თუმცა, შემდეგ გაუფრთხილებლად შეცვალა.

”ძალზე მნიშვნელოვანი იყო, რომ სურსათის უვნებლობის კონტროლს მოეცვა არა მხოლოდ მსხვილი ქარხნები, რესტორნები და სუპერმარკეტები, არამედ სურსათის კუსტარული წარმოებაც, რომელიც რიგ სფეროებში საქართველოს ბაზრის ძირითადი მომმარაგებელია (მაგალითად "იმერული" ყველი და "სოფლის" მაწონი მთლიანად კუსტარულად იწარმოება, ისევე როგორც კრემიანი ნამცხვრების დიდი ნაწილი). როგორც აღმოჩნდა, პარლამენტში წარდგენილ ვერსიაში ეს მიდგომა შეცვლილია და კუსტარული წარმოების კონტროლი გადავადებულია 2020 წლამდე”, -აღნიშნულია ცენტრის განცხადებაში.

როგორც ”სტრატეგიული კვლევების ცენტრში აცხადებენ, გადავადების შედეგად მომდევნო 6 წლის განმავლობაში კუსტარულ მეწარმეებს ელემენტარული ჰიგიენისა და სანიტარული მოთხოვნების დაცვასაც კი არავინ მოსთხოვს: ”ანუ იმას, რომ სათავსოს ჰქონდეს ხელსაბანი, რეგულარულად ირეცხებოდეს ჭურჭელი, გამოიყენებოდეს საღი ნედლეული, სურსათი დაცული იყოს მღრღნელებისგან და მწერებისგან და ა.შ. და ეს ეხება ისეთი გავრცელებული პროდუქტების წარმოებას, როგორიცაა მაგალითად "იმერული" ყველი”, - აცხადებენ ექსპერტები.

არასამთავრობო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ კანონის ასეთი ცვლილება საქართველოში სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების კუთხით დადებით შედეგს ვერ გამოიღებს. ექსპერტები მოსახლეობას მოუწოდებენ, ვებ-გვერდზე შემუშავებული წერილის ფორმა შეავსონ და დეპუტატებს გადაუგზავნიან მოთხოვნით, მხარი არ დაუჭირონ კანონპროექტს პარლამენტში.