"რეზონანსი" - ივლისიდან მანქანების გაძვირება მოსალოდნელი არ არის

2017 წლის 1-ლი ივლისიდან ლარში ფასდადება ყველა საქონელსა და მომსახურებაზე სავალდებულო გახდება, თუმცა საავტომობილო ბაზარზე ახალი რეგულაცია არ იმოქმედებს.

ავტოდილერები ამბობენ, რომ მანქანები არ გაძვირდება. როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, შიდა ბაზარზე პრობლემები მოსალოდნელი არ არის, თუმცა გარკვული ცვლილებები რეექსპორტს შეეხება. ავტობიზნესით დაკავებულმა ადამიანებმა არ იციან, ისევ დოლარში მოუწევთ მეზობელი ქვეყნებისთვის განკუთვნილ ავტომობილებზე ფასის დაწესება, თუ ამ შემთხვევაშიც მხოლოდ ეროვნული ვალუტით უნდა იხელმძღვანელონ.

იმპორტიორები ლარიზაციის პროგრამას დადებითად ხვდებიან და აცხადებენ, რომ ეს ეროვნული ვალუტის გამყარებისკენ გადადგმული ნაბიჯია და ვერანაირად ვერ დააზარალებს საავტომობილო ბაზარს. არც მანქანების ღირებულება გაიზრდება, მაგრამ საფრთხე მაშინ გაჩნდება, თუკი კურსი რყევას გააგრძელებს.

პირველი ივლისიდან საქართველოს ტერიტორიაზე იურიდიული პირებისთვის საქონლისა და სერვისის გაყიდვისას სავალდებულო ხდება ფასის მითითება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში. შეთავაზების გადაწყობა მოუწევთ საავტომობილო ბიზნესის წარმომადგენლებსაც.

ივლისიდან ავტომობილების გაძვირებას არ ელოდება იმპორტიორი კომპანია "ფორვარდერის" ხელმძღვანელი დავით ჯეჯელავა. მიუხედავად იმისა, რომ მანქანებს ფასი ლარში დაედება, ყოველგვარი მატება უადგილოა, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ამ მხრივ მეტ-ნაკლებად პრობლემური რეექსპორტზე გამავალი მანქანების ღირებულება იქნება.

"კანონში წერია, რომ თუ ხელშეკრულება გაქვს კლიენტთან გაფორმებული და ხელშეკრულებაში ფასი დოლარში წერია, ამ შემთხვევაში ინვოისის ეროვნულ ვალუტაში წარდგენა შეგიძლია. გაძვირებასთან არანაირ კავშირში არ არის ლარიზაციის პროგრამა, რადგან თანხის ჩარიცხვა ან შემოტანა ისედაც ეროვნულ ვალუტაში ხდებოდა ყოველთვის. იმ ფირმებისგან, რომლებიც ლეგალურად მუშაობენ, ფასის გაზრდას არ უნდა ველოდოთ.

ამას გარდა, არ გაუქმდება "რეკონის" პროგრამაც, რომლითაც ვსარგებლობთ ("რეკონია", როდესაც დოლარში წერ ინვოისს, შეღავათიანი კურსი აქვს ფირმას, უცხოურ ვალუტაში შეგაქვს თანხა და თავისთავად კონვერტირდება ლარში). ასე ვმუშაობთ ფირმები, რომლებსაც დიდი ბრუნვა გვაქვს.

ვფიქრობ, რეექსპორტის მხრივ იქნება გარკვეული სახის პრობლემა. ვისაც რეექსპორტისთვის მანქანები შემოჰყავს, იქ ალბათ გაძვირება მოსალოდნელია, რომ ვალუტის გადაცვლა-გადმოცვლაში არ იზარალონ. ციფრს ვერ დაგისახელებთ, რამდენით, მაგრამ, სავარაუდოდ, გაძვირდება", - განუცხადა "რეზონანსს" ჯეჯელავამ.

კომპანია "იამატოს" ხელმძღვანელი პაატა მაისურაძეც აღნიშნავს, რომ ლარში ფასდადება ავტომობილების გაძვირებას არ გამოიწვევს. პრობლემა მხოლოდ კურსის არასტაბილურობის შემთხვევაში წარმოიშობა.

"ვფიქრობ, ლარიზაცია მანქანების ღირებულებას არ გააძვირებს. პირადად მე, როგორც რიგითი მოქალაქე, მივესალმები ამ პროგრამას, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელია, ყველაფრის ფასი ლარში დაწესდეს. აქ პრობლემა სხვა რამის გამო შეიძლება წარმოიშვას, მაგალითად, არასტაბილური კურსის გამო.

როდესაც ჩვენი კომპანია ავტომობილს ყიდის, თანხას ყველა შემთხვევაში ლარში მირიცხავენ, რადგან, კანონით, სხვა ვალუტით გადახდა აკრძალულია. თუ ახლა კანონი დაარეგულირებს, რომ მე არ მექნება უფლება, დოლარში დავაფასო მანქანა, ეს ფასზე დიდად არ იმოქმედებს.

რაც შეეხება რეექსპორტს, არა მგონია, ამ კუთხით დიდი პრობლემა შეიქმნას იმიტომ, რომ, ფაქტობრივად, აღარ არის რეექსპორტი. ჩვენმა მთავრობამ მას ომი გამოუცხადა და ცალკე "გაუშვეს" ეს მიმართულება. სადღაც ერთი ან ორი მანქანის გაყვანით მთლიანად ბაზარზე ფასი არ შეიცვლება", - აღნიშნა მაისურაძემ.

"პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" ხელმძღვანელი გელა კვაშილავა ლარიზაციის პროექტს ეხმაურება და საავტომობილო ბაზარზე მის გავლენას განიხილავს. მისი აზრით, ლარიზაციის მეშვეობით გამყარებული ეროვნული ვალუტა დადებითად აისახება მოსახლეობის მსყიდველუნარიანობაზე, ხოლო ავტომობილების საბოლოო ღირებულებას ეს პროგრამა არ გაზრდის. დამატებითი პრობლემები ამ მხრივ გამორიცხულია.

"ავტომობილები ან დოლარშია ნაყიდი ან ევროში და ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება ლარის კურსზე. თუ ეროვნული ვალუტა გამყარდა, ამ შემთხვევაში ადგილობრივი მყიდველი მოიგებს.

რეექსპორტს რაც შეეხება, ავტოდილერები ისევ უცხოურ ვალუტაში გაყიდიან მანქანებს და მათთვის მნიშვნელოვნად არაფერი იცვლება. აქ საუბარია შიდა ბაზარზე. ლარიზაციის მთავარი მიზანი ეროვნული ვალუტის გამყარებაა, ხოლო მყარი ლარის არსებობის შემთხვევაში მსყიდველობითი უნარიც გაიზრდება. უფრო კონკრეტული სურათი რამდენიმე თვეში გამოჩნდება, როდესაც ლარიზაციის პროგრამა აქტიურ ფაზაში შევა", - განაცხადა "რეზონანსთან" კვაშილავამ.

ნათია ლომიძე

გაზეთი "რეზონანსი"