ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის შესახებ ინფორმაციის მიღება მოქალაქეებს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 15-05 შეუძლიათ.
დღეიდან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ამოქმედდა. პროგრამის დეტალებისა და მედიკამენტების მისაღებად საჭირო პროცედურების შესახებ დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ ბრიფინგი გამართა.
ზაზა სოფრომაძის ინფორმაციით, ახალი პროგრამის მეშვეობით მედიკამენტების მიღება შეუძლია ნებისმიერი ასაკის სოციალურად დაუცველ მოქალაქეს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 0-დან 100 000-ს ჩათვლით და აქვს შემდეგი ქრონიკული დაავადებები: გულსისხლძარღვთა დაავადებები, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები და დიაბეტის მეორე ტიპი - არაინსულინდამოკიდებული.
ზაზა სოფრომაძის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა დაახლოებით 700 000-მდე სოციალურად დაუცველს ექნება, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ პირველ ეტაპზე აღნიშნული პროგრამით სარგებლობის საჭიროება დაახლოებით 200 000-მდე მოქალაქეს ექნება. სოფრომაძის ინფორმაციით, პროგრამაში სულ განსაზღვრულია 23 დასახელების მედიკამენტი. ხვალიდან 13 მათგანის მიღება იქნება შესაძლებელი, ყველა დანარჩენი კი ივლისის ბოლომდე გახდება ხელმისაწვდომი.
ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მედიკამენტების ხარისხზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, სატენდერო პირობებში მკაფიოდ არის მითითებული, რომ მედიკამენტები უნდა აკმაყოფილებდეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემულ ხარისხის დამადასტურებელ მოთხოვნებს. სოფრომაძის ცნობით, უკვე შესყიდული მედიკამენტებიდან ერთია ადგილობრივი წარმოების, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შესაბამისი ხარისხი აქვს მინიჭებული, დანარჩენი კი წარმოებულია აშშ-ში, გერმანიაში, ესპანეთში, იტალიაში, სლოვაკეთში, ლატვიაში და სხვა ქვეყნებში.
მედიკამენტების ყოველი გატანისას პირი აფთიაქში იხდის გატანილი მედიკამენტების ღირებულების 10%-ს, რაც არ აღემატება 1 ლარს, მაგრამ არანაკლებია 5 თეთრზე.