2017 წლის პირველ კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 377.0 მლნ აშშ დოლარი (981.2 მლნ ლარი, პირველი კვარტალის მშპ-ს 11.8 პროცენტი) შეადგინა.
როგორც ეროვნული ბანკი იუწყება, მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდოს ფორმირებაში მთავარი როლი, ტრადიციულად, საქონლით ვაჭრობას ეკისრება.
უწყების განმარტებით, საქონლით ვაჭრობის უარყოფითი სალდო 2017 წლის პირველ კვარტალში წლიურად 5.6 პროცენტით გაიზარდა და 819.6 მლნ აშშ დოლარი (2.1 მლრდ ლარი) შეადგინა, პირველ კვარტალში კი საქონლის ექსპორტი წლიურად 22.8 პროცენტით, ხოლო იმპორტი 13.3 პროცენტით გაიზარდა.
”მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი (ტურისტული შემოსავლების გამო) ნაწილობრივ ანეიტრალებს საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს. 2017 წლის პირველ კვარტალში მომსახურების ექსპორტი წლიურად 13.9 პროცენტით, ხოლო იმპორტი 1.2 პროცენტით გაიზარდა. მომსახურებით ვაჭრობიდან ყველაზე მაღალი დადებითი სალდოთი ტურისტული მომსახურება გამოირჩევა, რომლის ექსპორტი წლიურად 23.3 პროცენტით გაიზარდა და 434.6 მლნ აშშ დოლარი (1.1 მლრდ ლარი) შეადგინა.
მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს, ასევე, ამცირებს მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 18.0 პროცენტით გაიზარდა და 2017 წლის პირველ კვარტალში 327.6 მლნ აშშ დოლარი (852.6 მლნ ლარი) შეადგინა. გაზრდილი იყო როგორც სამთავრობო, ასევე კერძო სექტორის ტრანსფერები.
წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, რომელიც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების უმნიშვნელოვანესი წყაროა, პირველ კვარტალში 352.1 მლნ აშშ დოლარი (916.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 11.0 პროცენტია. პირველ კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტის, უძრავი ქონებისა და საფინანსო სექტორებში განხორციელდა”, - ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.