"თბილისი მოლში" საბავშვო ცენტრის მშენებლობა 2,5 მილიონი დოლარი დაჯდება

"თბილისი მოლში" ბავშვთა გასართობი ცენტრის მშენებლობა დაიწყო. ახალი გასართობი ცენტრი "ბუმბუმი" "რაკია ჯგუფისა" და "ჯეი ქეი ჯგუფის" ერთობლივი საინვესტიციო პროექტია, რომლის საერთო ღირებულება პირველ ეტაპზე 2,5 მილიონ დოლარს შეადგენს.

კომპანიის დირექტორის განცხადებით, თბილისი მოლში ბავშვთა გასართობი ცენტრი, დაახლოებით, სამ თვეში, გაიხსნება და მოლის ვიზიტორებს ინოვაციურ ინფრასრუქტურას შესთავაზებს.

დამტკიცებული პროექტის მიხედვით, პირველ ეტაპზე ბავშთა გასართობი ცენტრი 1200 კვადრატულ მეტრზე გაიშლება და სამ ძირითად კონცეპტუალურ სივრცედ დაიყოფა. პირველი ზონაში, რომელიც 1-8 წლამდე ბავშვებზეა გათვლილი, განლაგდება 3-დონიანი ლაბირინთი რბილი იატაკით, ბატუტებით და მშრალი აუზებით. აქვე იქნება ე. წ. შემოქმედებითი ზონა, სადაც ბავშვები სხვადასხვა "როლური თამაშებით" შეძლებენ გართობას.  

მეორე ე. წ. ვიდეოთამაშების ზონაში 50 აპარატი დამონტაჟდება. კომპანიამ მსოფლიოს წამყვან საბავშვო ცენტრებში აპრობირებული ვიდეოთამაშების ანალოგიური აპარატურა შეარჩია. რაც შეეხება მესამე ზონას, ის უფროსი ასაკის მოზარდებზეა გათვლილი, რომლებსაც უკვე კლუბური გართობა სურთ. სივრცე ისე არის დაპროექტებული, რომ სხვადასხვა ღონისძიებების (დისკოთეკა, კარაოკე და ა.შ.) მოწყობის ფართო შესაძლებლობებს იძლევა.

"ბავშვთა ახალი გასართობი ცენტრის გახსნა მოლის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია. ამ ცენტრის ანალოგი საქართველოში არ არსებობს. ძალიან დიდი შრომა და პოზიტიური ენერგია ჩაიდო ბავშვთა გასართობი ცენტრის დაპროექტებაში და გვიხარია, რომ ინვესტორმა სწორედ "თბილისი მოლზე" შეაჩერა არჩევანი", - განაცხადა მოლის აღმასრულებელმა დირექტორმა, გარი მაიქლ დანქლიმ.

"ჯკ" ჯგუფის დირექტორმა, კონსტანტინე ჟელეზნოვმა, თავის მხრივ, დასძინა, რომ ცენტრში დასვენება ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომი იქნება.