"ახალი საქართველოს" წევრებმა, საქართველოს მთავარ პროკურატურაში 1400 გვერდიანი დოკუმენტი წარადგინეს.
როგორც პარტიიდან იუწყებიან, დოკუმენტში საუბარია გამგეობის თანამშრომლების მიერ მონიტორინგის შედეგების გაყალბებაზე.
"2017 წლის იანვრიდან გამგეობის თანამშრომლების მიერ შედგენილი 763 შემოწმების ოქმი და აქტი შევისწავლეთ. ანალიზის შედეგად გამოირკვა, რომ არსებული 63 სასადილოდან, არც ერთში არ მომხდარა გამგეობის შესაბამისი თანამშრომლების მიერ სრულყოფილი მონიტორინგი. ოქმები არის ზერელედ შევსებული და გაყალბებული. გადაკოპირებულია სიტყვასიტყვით ერთმანეთისგან. ორმოცდაათზე მეტი საჯარო მოხელე აწერს ხელს ამ ოქმებს. მათი უპასუხისმგებლობა, არაკომპეტენტური და მიზანმიმართული ხელის დაფარება სასადილოებზე ნათელია. ოქმებში საერთოდ არაა ასახული რეალობა. უკმაყოფილო ბენეფიციარების არსებობაზე საუბარიც კი არაა. ოქმები ისეა შევსებული, თითქოს ყველა კმაყოფილია და იდეალური მდგომარეობაა სასადილოებში", - განაცხადა თეონა ჭალიძემ.
"ახალი საქართველოს“ სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი მიმართავს პროკურატურას, დაიკითხოს ყველა ის პირი, რომელიც ამ საქმეში ფიგურირებს. თეონა ჭალიძის თქმით, უნდა დადგეს ამ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი.