„კუკუშკას“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი კომპლექსური ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის 26 ივნისის ბრძანებაშია ნათქვამი.

ბორჯომ-ბაკურიანის მატარებელს ე.წ. „კუკუშკას“ გასულ წელს კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა. როგორც მაშინ „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს რკინიგზაში განუცხადეს, მატარებელს პირვანდელი სახე მაქსიმალურად შეუნარჩუნდა. განახლებული 4-ვაგონიანი „კუკუშკას“ თითო ვაგონი 23 მგზავრზეა გათვლილი.

ბორჯომი-ბაკურიანის სარკინიგზო ხაზი საქართველოს რკინიგზის ერთადერთი ვიწროლიანდაგიანი მონაკვეთია, რომელიც ბორჯომსა და ბაკურიანს შორის, ბორჯომ-ხარაგაულის უბანზე 1902 წელს გაიხსნა. ხაზზე დიდი ხნის მანძილზე მცირე ორთქლმავალი მოძრაობდა, რომელიც 1967 წლიდან ელექტრომატარებელმა შეცვალა. თუმცა, მეტსახელი „კუკუშკა“ (ორთქლმავლის რუსული მეტსახელი) ამ ელექტროშემადგენლობასაც შემორჩა.

Borjomi’s famous Kukushka train obtains intangible cultural heritage status