შიდა ავიაცია შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმით დაიბეგრება

შიდა ავიაცია შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმით დაიბეგრება, - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრო იუწყება.

საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებით, დღგ-სგან და აქციზისგან გათავისუფლდა შიდა საავიაციო რეისებისა და სამუშაოების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საწვავის იმპორტი და მიწოდება. გარდა ამისა, დღგ-ს გადახდისგან გათავისუფლდა საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის და საავიაციო სამუშაოების მომსახურების გაწევა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საგადასახადო ცვლილება ხელს უწყობს საქართველოში შიდა ავიაციის განვითარებას და შიდა საავიაციო ბაზარზე კონკურენციის გაზრდას.

„საგადასახადო ცვლილება ხელს უწყობს საქართველოში შიდა ავიაციის განვითარებას და შიდა საავიაციო ბაზარზე კონკურენციის გაზრდას. გარდა ამისა, აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი სტიმული იქნება იმისათვის, რომ საქართველოში ტურიზმი კიდევ უფრო განვითარდეს და ხელი შეეწყოს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურიზმის განვითარებას”, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.