უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა რუსეთის სპეცსამსახურების კავშირი Petya ვირუსის შეტევასთან, რომლის შედეგად უკრაინის რიგი კომპანიები და ბანკები დაზარალდნენ. აღნიშნულის შესახებ განცხადება უკრაინის უსაფრთხოების პრესსამსახურმა გაავრცელა.
„საერთაშორისო ანტივირუსულ კომპანიებისგან მიღებული მონაცემები საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ განხორციელებულ შეტევასთან კავშირში ის ჰაკერული დაჯგუფებებია, რომლებმაც 2016 წლის დეკემბერს უკრაინის ფინანსურ სისტემაზე, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის ობიექტებზე ჰაკერული შეტევები განახორციელეს. ეს კი ცხადყოფს, რომ რუსული სპეცსამსახურები კავშირში არიან აღნიშნულთან“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნეს, 27 ივნისს განხორციელებული შეტევა მიმართული იყო ქვეყნის შიგნით საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ.
„ვირუსის გამოყენებით ჰაკერული შეტევის მთავარი მიზანი იყო მნიშვნელოვანი მონაცემების განადგურება და უკრაინის სახელმწიფო და კერძო უწყებების ფუნქციონირების შეფერხება“, - აღნიშნეს უკრაინის უსაფრთხოების უწყებაში.