გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის თანახმად „ფეისბუქი“ და სხვა სოციალური ქსელები ვალდებული იქნებიან, წაშალონ სიძულვილის მოწოდებისა და ყალბი ინფორმაციის შემცველი პოსტები.
ახალი კანონის თანახმად, ოქტომბრიდან „ფეისბუქმა“, YouTube-მა და სხვა მსგავსმა სოციალურმა მედიასაშუალებებმა, რომელთა მომხმარებლების რაოდენობა გერმანიაში 2 მილიონს აჭარბებს, საჩივრის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში უნდა წაშალონ მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული ყალბი ინფორმაცია ან სიძულვილის ენის შემცველი პოსტები.
„ბიბისის“ ინფორმაციით, 24 საათის განმავლობაში კონტენტის არწაშლის შემთხვევაში სოციალურ ქსელებს 5 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა ემუქრებათ, რომელიც შესაძლოა 50 მილიონ ევრომდე გაიზარდოს.
„კანონი, მსგავს გადაწყვეტილებს შორის მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მკაცრია“, - წერს „ბიბისი“.
გერმანიის ახალ კანონს ფეისბუქი გამოეხმაურა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სოციალური ქსელი სრულად უჭერს მხარს გერმანიას სიძულვილის ენასთან ბრძოლაში.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკვე გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეები, ძირითადად ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფებისა და ინდუსტირიების წარმომადგენლების სახით. მათ თქმით, დროის ასეთი მწირე ლიმიტი არაადეკვატურია და სახელმწიფოს მხრიდან „შემთხვევით“ ცენზურამდე მიიყვანს, ვინაიდან, ჯარიმის შიშით კომპანიები ყველა საეჭვო კონტენტს წაშლიან.