დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ელიავას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძარზე პასუხისმგებლობის დაკისრებაზე მას შემდეგ იქნება საუბარი შესაძლებელი, რაც გამოძიების დასკვნა დაიდება და გაირკვევა, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
როგორც ნარმანიამ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა, "ბავშვთა სამყაროს" მსგავსად ამ შემთხვევაშიც ბიზნესის დიდი ნაწილი დაზღვეული არ ყოფილა. მისივე თქმით, მერის მოადგილეები და გამგებელი იმყოფებოდნენ ადგილზე, ხოლო ის გარკვეული საკითხების კოორდინაციას შტაბიდან ახორციელებდა.
„არ ვიმყოფებოდი ადგილზე, ვინაიდან ადგილზე გარკვეული ქაოტური ვითარება იყო და ადგილიდან პროცესების მართვა შეუძლებელი იქნებოდა. რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, იდეალური სიტუაციაა, რასაკვირველია, როცა ბიზნესი დაზღვეულია, თუმცა, როგორც ირკვევა ამ შემთხვევაშიც არ არის დაზღვეული ამ ბიზნესის ძირითადი ნაწილი. ცალსახად თქმა ახლა იმისა, რომ აუცილებლად ადმინისტრაციამ უნდა აგოს პასუხი თუ არა, იმის შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც გამოძიების შედეგები დაიდება. პირველ რიგში უნდა დადგინდეს ხანძრის გამომწვევი მიზეზები“, - განაცხადა თბილისის მერმა.
როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, მეხანძრეების რეაგირება შეტყობინებაზე ოპერატიული იყო და, შესაბამისი სამსახურები ადგილზე დროულად იყვნენ მობილიზებულები.
„შეტყობინების შემოსვლიდან რამდენიმე წუთში სახანძრო-სამაშველო ბრიგადები უკვე ადგილზე იყვნენ. რომ არა ოპერატიული რეაგირება, ზარალი რა თქმა უნდა, მეტი იქნებოდა. ამ წუთის მდგომარეობით ხანძარი ძირითადად ლიკვიდირებულია, თუმცა, არის გარკვეული კერები, რომლებსაც დამუშავება სჭირდება და ეს არ არის მარტივი ჩასაქრობი. ალბათ, რამდენიმე საათი სჭირდება ამ ცალკეული კერების ბოლომდე ჩაქრობას, აქედან გამომდინარე იმუშავებენ შესაბამისი ბრიგადები ამაზე. 2-3 ადამიანია გადაყვანილი სასწრაფო დახმარების მიერ საავადმყოფოში და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და რაიმე საფრთხე არ ემუქრებათ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.