შინაგან საქმეთა სამინისტრომ ელიავას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძარზე გამოძიება დაიწყო.
ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული. როგორც უწყებაში განმარტავენ, მომხდარზე გამოძიება, პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველომ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
შსს-ში ასევე აღნიშნავენ, რომ ამჟამად ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. როგორც უწყებაში განმარტავენ, შემთხვევის ადგილზე 30-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 150-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.
"გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ ე.წ. ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტონაწილების რამდენიმე მაღაზია იწვოდა. შეტყობინების მიღებისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ოპერატიულად გავიდნენ შემთხვევის ადგილზე. 2500 კვ/მ-მდე გავრცელებული ხანძრის ჩასაქრობად 30-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 150-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლების ოპერატიული რეაგირების შედეგად, ხანძარი ლოკალიზებულია. ამჟამად მიმდინარეობს მისი სალიკვიდაციო სამუშაოები.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება შსს-ს პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველომ სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.