2017 წლის ივნისში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით -0,4% შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ - 7,1%.
„საქსტატის“ მონაცემებით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები შემცირდა 1,5%-ით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,45 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-9,0%), რძე, ყველი და კვერცხი (-2,1%), ზეთი და ცხიმი (-1,1%) და ხილი და ყურძენი (-0,9%);
ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 2,5%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,17 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (1,3%), ისე თამბაქოს ნაწარმზე (3,6%).
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 9,5%-ით, რაც 2,87 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (33,7%), ხილი და ყურძენი (15,7%), რძე, ყველი და კვერცხი (11,0%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (10,4%), ყავა, ჩაი და კაკაო (5,3%); ტრანსპორტი: ფასები მომატებულია 15,3%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1,92 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლოატაციაზე (21,0%), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (12,9%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (4,6 %); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 18,2%-ით, რაც 1,18 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (36,8%), ასევე, ალკოჰოლურ სასმელებზე (3,0%); ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 7,4%-ით, რაც 0,66 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (21,3%) და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (5,4%).