ფოთში, მალთაყვის უბანში, ყოფილი სპორტ-კომპლექსის შენობაში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ შესაძლოა თავშესაფრის გარეშე დარჩნენ. ისინი საუბრისას აცხადებენ, რომ რამდენიმე დღის წინ მათთან ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი მივიდა, შენობას ფოტოები გადაუღო და მათ ფართის დატოვება მოსთხოვა.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული შენობის ადგილას სასტუმროს მშენებლობა იგეგმება.
„გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობთ. კედლები ნესტიანია, სახურავი თითქმის გადახდილი, შენობა თავზე გვენგრევა. მერიას არაერთხელ მივმართეთ, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს. წყალი სასმელად უვარგისია, ბავშვების მოწამვლის შემთხვევაც ბევრჯერ იყო. აქ მცხოვრები ადამიანებიდან ნაწილი ადგილობრივია, ნაწილი კი, აფხაზეთიდან დევნილი, სოციალურად დაუცველები ვართ. რამდენიმე დღის წინ მოვიდა პირი, შენობას ფოტოები გადაუღო და გვითხრა, რომ შენობის დატოვება მოგვიწევს. ვიცით, რომ აქ არსებულ ფართებს არ დაგვიკანონებენ, მაგრამ ქუჩაში ხომ არ დავრჩებით? ვითხოვთ თავშესაფარს,“-განაცხადა ყოფილი სპორტ-კომპლექსის შენობაში მცხოვრებმა რომან კოტიამ.
ყოფილი სპორტ კომპლექსის შენობაში მცხოვრები ოჯახები ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციებით იმუქრებიან.