საბერძნეთში თურქეთის გავლით, ავტობუსით წასულ ბევრ ადამიანს საზღვარზე არ უშვებენ და უკან საქართველოში აბრუნებენ.
ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსს“ იმ ტურ-ოპერატორებმა განუცხადეს, რომლებიც მოქალაქეებს საბერძნეთში საქართველოდან თურქეთის გავლით, ავტობუსებით გზავნიან.
„ევროკავშირი-შენგენის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების საწყის ეტაპზე საზღვარზე ყველას უპრობლემოდ ატარებდნენ, მაგრამ ბოლო პერიოდში, რადგან აღნიშნული - 90 დღე უკვე ამოიწურა, ბევრს აბრუნებენ უკან. მაგალითად, თუ მიდის 50-55 ადამიანი, მათგან 10-15-ს თურქეთში, საბერძნეთის საზღვარზე აღარ ატარებენ. სავარაუდოდ, მომავალში კიდევ უფრო უარესი ვითარება იქნება. რადგან ამ 3 თვის განმავლობაში პირობითად 40 ათასი ადამიანი თუ წავიდა საქართველოდან შენგენის წევრ ქვეყნებში, უკან დაახლოებით 3 ათასი დაბრუნდა,“- აღნიშნავენ ტურ-ოპერატორები.
როგორც თურქეთში საქართველოს კონსულმა ირაკლი ასაშვილმა "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, მათთან მსგავსი მიმართვები არ ყოფილა, შესაბამისად, არ აქვს ინფორმაცია თუ რამდენად ზუსტია ტურ-ოპერატორების სტატისტიკა საბერძნეთის საზღვრიდან მოქალაქეთა გამობრუნების შესახებ.
„გამობრუნების შემთხვევა რაც ვიცით, გივი მჭედლიშვილის ამბავი იყო. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ავტობუსში 50 მგზავრი იყო და მათგან ორი საბერძნეთის საზღვარზე არ შეუშვეს. ამ ორიდან ერთი გივი მჭედლიშვილი იყო, რომელსაც ამ დრომდე უშედეგოდ ვეძებთ. მის შემთხვევაში ვითარება ასე იმიტომ გართულდა, რომ მჭედლიშვილმა ავტობუსით საქართველოში უკან დაბრუნებაზე უარი თქვა. როგორც მათი ავტობუსის მძღოლმა გვითხრა, საქართველოში გამობრუნებაზე უარი იმ მიზეზით თქვა, რომ კიდევ ერთხელ ცდიდა საზღვრის გადაკვეთას. ხოლო მეორე ქალბატონი, რომელიც საზღვარზე არ გადაუშვეს ავტობუსით საქართველოში უპრობლემოდ გამობრუნდა. რაც შეეხება საზღვარზე არ შეშვების სტატისტიკას, ინფორმაცია არ მაქვს, მოქალაქეებს ჩვენთვის არ მოუმართავთ, ამიტომ ვფიქრობ მათ იცოდნენ მიზეზი, თუ რა გახდა საზღვრიდან გამობრუნების მიზეზი“, - აღნიშნა ასაშვილმა.