საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია 2016 წლის ფინანსურ ანგარიშს აქვეყნებს. როგორც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციიდან იუწყებიან, 2016 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ წმინდა მოგება 2015 წელთან შედარებით 2.5-ჯერ გაიზარდა და 78.0 მლნ ლარი შეადგინა.
„2016 წელს ასევე გაიზარდა საოპერაციო მოგებაც და 149.6 მლნ ლარს გაუტოლდა, რაც 2015 წლის ანალოგიურ მონაცემზე 65,5%-ით მეტია. 2015 წელს კორპორაციის საოპერაციო მოგება 90,4 მლნ ლარი იყო, ჯამური აქტივები კი12,6%-ით გაიზარდა და 1.6 მილიარდი ლარი შეადგინა“, - აცხადებენ კორპორაციაში.
მათივე ინფორმაციით, 2016 წლის ანგარიშგების მიხედვით მნიშვნელოვნად გაიზარდა წმინდა ფულადი ნაკადები საოპერაციო საქმიანობიდან და 159,1 მლნ ლარი შეადგინა.
„გარდაბანის კომბინირებული ციკლის თბოსადგურის მშენებლობის და ექსპლუატაციის შედეგად კორპორაციამ შემოსავლების დივერსიფიცირება მოახდინა. 2016 წელს შემოსავალი ელექტროენერგიის წარმოებიდან და მიწოდებიდან 184,4 მლნ ლარს გაუტოლდა (2015 წელს 48,7 მლნლარი), ხოლო საოპერაციო მოგებამ აღნიშნულ სეგმენტში 102,1 მლნ ლარი შეადგინა (2015 წელს 23,7 მლნ ლარი). ასევე გაიზარდა კორპორაციის ჯამური შემოსავალი და 2016 წელს მან 633,6 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2015 წლის მონაცემებზე 27,9%-ით მეტია. 2015 წელს ეს ციფრი 495,4 მლნ ლარი იყო“, - განაცხადეს კორპორაციაში.
მათივე ინფორმაციით, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ 2016 წლის ფინანსური ანგარიში შეამოწმა საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების დიდი ოთხეულის წევრმა, აუდიტორულმა კომპანიამ KPMG-მ. ამგარიშის მიხედვით, კორპორაციის ფინანსური ანგარიშგება სრულიად შეესაბამება ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს.