„ჯორჯიან მანგანეზში” სპეციალური მმართველის დანიშვნასთან დაკავშირებით, სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია”

შპს „ჯორჯიან მანგანეზში” სპეციალური მმართველის დანიშვნასთან დაკავშირებით, სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია. ამის შესახებ, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„მიგვაჩნია, რომ საქმის მოცულობისა და სირთულის გათვალისწინებით, დავა შესაძლოა განხილული იყოს დაჩქარებულად, რიგი პროცედურული დარღვევებით და მხარის ინტერესების გაუთვალისწინებლად. ამასთან განსაკუთრებით საყურადღებოა სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც სპეციალურ მმართველს გაუმართლებლად ფართო უფლებამოსილება მიენიჭა.

სასამართლო განჩინების შინაარსი და არსებული პრობლემები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ და სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 10 მაისს მიმართეს და შპს „ჯორჯიან მანგანეზში” სპეციალური მმართველის დანიშვნა მოითხოვეს, რაც სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა კიდეც. კანონის მიხედვით კომპანიაში სპეციალური მმართველის დანიშვნა იმ შემთხვევაში არის შესაძლებელი, თუკი კომპანია მრავალგზის არ ასრულებს მისთვის განსაზღვრულ სალიცენზიო/სანებართვო პირობებს და სასამართლოს დავის მოწესრიგების ერთადერთ გზად სპეციალური მმართველის დანიშვნა მიაჩნია.

სასამართლომ დავა დაჩქარებული წესით განიხილა. მიუხედავად იმისა, რომ შუამდგომლობა, მტკიცებულებების ჩათვლით, 1195 გვერდს შეადგენდა და სამართლებრივად რთული კატეგორიის იყო, მოსამართლემ დავა 24 საათში, ზეპირი მოსმენის გარეშე, მხარისათვის შეუტყობინებლად განიხილა.

შესაძლოა ითქვას, რომ აღნიშნული ქმედებით სასამართლომ მხარეს სამართლიანი სასამართლოს უფლება შეუზღუდა, რადგან დავის განხილვისას გონივრულ ვადაში საკუთარი პოზიციების და მტკიცებულებების წარმოდგენის შესაძლებლობა არ მისცა.

მოსამართლემ საკითხი დროებითი განჩინებით მოაწესრიგა. დროებითი განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. კანონმდებლობის მიხედვით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას სასამართლო ეყრდნობა ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. აღსანიშნავია, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებით სარგებლობა მხარეს სარჩელის სასამართლოში შეტანამდეც შეუძლია, თუმცა ამ შემთხვევაში სავალდებულოა, მხარემ განჩინების გამოტანიდან 10 დღის ვადაში სასამართლოს ძირითადი სარჩელით მიმართოს. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, განჩინება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ უნდა გაუქმდეს.

იმ პირობებში, როდესაც საქმეში არ არსებობს ძირითადი სარჩელი და დავა გადაწყვეტილია არსებითად, გაუგებარია, რისი უზრუნველყოფისთვის გამოიყენა დროებითი განჩინება სასამართლომ. ამ კუთხით სასამართლოს მოტივაცია იმდენად გაუგებარია, რომ იგი ლეგიტიმური ეჭვების გაჩენის შესაძლებლობას ქმნის, რაც ცალსახად უარყოფითად აისახება სასამართლოს რეპუტაციაზე და პირდაპირპროპორციულად ამ ინსტიტუტის მიმართ ნდობის შემცირებას იწვევს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, განჩინება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა. კომპანიის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად სპეციალური მმართველი მანამ განისაზღვრა, სანამ განჩინება კანონიერ ძალაში შევიდოდა. ყოველივე ამან კი მხარეს იმ მტკიცებულებებზე წვდომაც შეუზღუდა, რაც, შესაძლოა, კომპანიაში ინახებოდეს და მხარეს დავის სააპელაციო წესით განხილვისას გამოეყენებინა.

განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით კომპანიის მართვა სრულად სპეციალური მმართველის მიერ უნდა განხოციელდეს.სასამართლომ სპეციალურ მმართველი, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე კომპანიის მართვის სამივე შტოს, დირექტორის, სამეთვალყურეო საბჭოსა და აქციონერთა საერთო კრების უფლებამოსილებებით აღჭურვა, მაშინ, როდესაც კანონის მიხედვით სპეციალური მმართველი მხოლოდ ლიცენზირებადი/სანებართვო საქმიანობის განსახორციელებლად ინიშნება.

შესაბამისად, გაუგებარია, რა მიზანს ემსახურებოდა სპეციალური მმართველისათვის ისეთი უფლებამოსილების მინიჭება, რომელიც არ უკავშირდება სანებართვო/სალიცენზიო პირობების შესრულებას. მაგალითად, როგორიცაა, გადაწყვეტილების მიღება შპს „ჯორჯიან მანგანეზის” პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებით. ამ გადაწყვეტილებით შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ სასამართლო მოქმედებდა შპს „ჯორჯიან მანგანეზის” ინტერესების წინააღმდეგ და გადაწყვეტილების მიზანს კომპანიის მენეჯმენტის და წილების უმრავლესობის მფლობელის მართვიდან ჩამოშორება წარმოადგენდა.

დასკვნა

მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური მმართველის დანიშვნის პრაქტიკა დადგენილია უზენაესი სასამართლოს მიერ, მიგვაჩნია, რომ მოცულობით დიდი და სამართლებრივად რთული საქმის მხარისათვის შეუტყობინებლად, 24 საათში განხილვა და შემდეგ ასეთი განჩინების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, აზიანებს მეორე მხარის ინტერესს და ზღუდავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას. მართალია, კანონმდებლობაში სპეციალური მმართველის დანიშვნის მომწესრიგებელი ნორმები არ არსებობს, თუმცა, სასამართლოს შეეძლო დავის არსთან ყველაზე ახლოს მდგომი ნორმებით ეხელმძღვანელა და საქმე იმგვარად განეხილა, რომ მხარეს გონივრულ ვადაში თავისი პოზიციებისა და მტკიცებულებების წარმოდგენის შესაძლებლობა მისცემოდა.

ასევე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, განჩინება შეიცავდეს სრულ და ამომწურავ დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გახდა აუცილებელი სპეციალური მმართველისათვის ამდენად ფართო უფლებამოსილების მინიჭება,“-ნათქვამია ინფორმაციაში.