ელიავას ბაზრობასთან, ხოშარაულიდან შემავალ ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგება

ელიავას ბაზრობაზე, იმ ტერიტორიაზე, სადაც სავაჭრო ცენტრი დაიწვა, ხოშარაულიდან შემავალ ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგება.

როგორც ჟურნალისტებს გამგებლის წარმომადგენელმა გივი ჩხარტიშვილმა განუცხადა, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საავტომობილო მოძრაობა აღდგეს.

მისივე ინფორმაციით, დაახლოებით 2 საათის შემდეგ დაზარალებული მოვაჭრეები საკუთარ მაღაზიებთან შესვლას მოახერხებენ.

“გადაწყვეტილება მიღებულია, რომ დამწვარი მაღაზიები ჯებირებით შემოიღობოს, დაზარალებულთა უმეტესმა ნაწილმა შეძლოს საკუთარ მაღაზიებთან მისვლა, ეს ალბათ უახლოესი 2 საათის განმავლობაში მოხდება. რაც შეეხება ხოშარაულის ქუჩიდან შემომავალ ქუჩას, რომელიც ხანძრის გამო იყო გადაკეტილი, საავტომობილო მოძრაობა 1 საათში აღდგება”, - განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.

გამგებლის წარმომადგენლის განცხადების შემდეგ სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა პირებმა, რომლებიც მაღაზიებში შესვლას ითხოვდნენ, შენობის ეზო დატოვეს, რომელიც პოლიციის თანამშრომლებმა შემოღობეს.