სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, სუნელებთან დაკავშირებით 2017 წელს სააგენტომ შესასწავლად, სარეალიზაციო ბაზარზე არსებული სხვადასხვა ობიექტიდან უკვე აიღო 60-მდე ნიმუში და შედეგები მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი.
”სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში მუდმივად ახორციელებს მონიტორინგს მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებსა და ტოქსიკურ ელემენტებზე, მათ შორის ტყვიის შემცველობაზე სუნელებში. ამ მიზნით 2015-2016 წლებში აღებულია 38 ნიმუში, საიდანაც ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმას აღემატებოდა 1 შემთხვევაში.
2017 წელს სააგენტომ სარეალიზაციო ბაზარზე არსებული სხვადასხვა ობიექტიდან უკვე აიღო 60-მდე ნიმუში, რომლებიც გაგზავნილია კვლევისთვის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში და დეტალური ინფორმაცია შედეგების შესახებ მიმდინარე კვირის განმავლობაში გახდება ცნობილი. ამ დროისთვის არსებული ლაბორატორიული კვლევით, წელს 1 ნიმუშშია აღმოჩენილი დარღვევა.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ადგილობრივ ბაზარზე მუდმივად მიმდინარეობს მონიტორინგი ტყვიის შემცველობაზე სხვადასხვა სურსათში, მათ შორის, სუნელებში. არსებული მონაცემებით, მასშტაბური დარღვევები არ აღინიშნება და ქართული სუნელები შეზღუდვის გარეშე გადის 30-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებში”, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა.
აგრეთვე, მისივე თქმით, ადგილობრივი ბაზრის დაცვის მიზნით, შემოსავლების სამსახურთან ერთად გამკაცრებულია კონტროლი მესამე ქვეყნებიდან ნედლეულის შემოტანაზე.