ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულების ინფორმაციით, დედაქალაქის მერიაში გამართული შეხვედრა ”საკმაოდ კონსტრუქციული” იყო.
აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე მერი ლაშა აბაშიძე, მერის მოადგილეები - ირაკლი ლექვინაძე და გიგა ნიკოლეიშვილი, ასევე, დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ელიავას ბაზრობაზე დამწვარი სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთმა დირექტორმა, გოჩა ხეცურიანმა განაცხადა, შეხვედრაზე კონკრეტულ კომპენსაციაზე საუბარი არ ყოფილა.
მისივე ინფორმაციით, დაზარალებულ მეწარმეებს ბანკებთან გარკვეული ფორმით უშუამდგომლებენ.
”დაზარალებულ მეწარმეებს ალბათ რაღაც ფორმით უშუამდგომლებენ ბანკებთან სესხის გადავადებაზე ან ყოველთვიურ გადასახადზე. ამის შემდეგ, ითხოვეს, რომ დამფუძნებლებთან გაიმართოს მათი შეხვედრა. კონკრეტულ კომპენსაციაზე საუბარი არ ყოფილა და ალბათ ვერც იქნებოდა. ხვალ ალბათ წარვადგენთ დაზარალებულების და თანხის რაოდენობის ზუსტ სიას. ძირითადად აქცენტი გაკეთდა, რომ რაიმე ფორმით შემოსავლების სამსახურთან იშუამდგომლობენ, რათა განადგურებული საქონლის ნაწილში, რაღაც ფორმით ჩამოწერა მოხდეს და ასევე, მეორე საკითხი იყო ბანკებთან შუამდგომლობა სესხის გადავადებაზე, თუ ამის საშუალება იქნება. კონკრეტულად ვერც დაგვპირდებოდნენ და ვერც გადაწვეტილებას მიიღებდნენ, რადგან პირდაპირ მათ კომპეტენციაში ეს არ შედის. ყურადღება გაამახვილეს, რა შედეგს დადებს გამოძიება”, - აღნიშნა გოჩა ხეცურიანმა.
მისივე ინფორმაციით, სრულად განადგურებულია დაახლოებით 20-მდე მაღაზია, 8-10 მაღაზია კი, ნაწილობრივ დაზიანებულია.
ამასთან, კიდევ ერთი დაზარალებულის, პაატა პასიკაშვილის ინფორმაციით, ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით ერთმანეთთან კომუნიკაციას დამფუძნებლები და ქალაქის მერია დაამყარებს.
”ყველანაირად ცდილობენ დაგვეხმარონ მაგრამ კონკრეტულად ჯერ არც ზარალია დათვლილი, არც გამოძიების დასკვნა დევს. მეც სესხი მაქვს, ყველას აქვს სესხი. სესხებთან დაკავშირებით ვილაპარაკეთ, ყველანაირად დაგვეხმარებიან, ბანკის წარმომადგენლებთანაც უშუალო კონტაქტი ექნებათ, ჩვენი გვარი და სახელი გადაეცემათ და საგადასახოს გადაეცემა ინფორმაცია. ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით ერთმანეთთან კომუნიკაციას გაივლიან დამფუძნებლები და ქალაქის მერია. რაღაც შეთანხმებამდე მივლენ, მგონი”, - განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა პაატა პასიკაშვილმა.