თბილისი ცვლილებების მოლოდინშია. თუ ოქტომბრიდან დედაქალაქში მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური ძვრები არ განხორციელდება და ინფრასტრუქტურა არ გაუმჯობესდება, ერთი რამ მაინც გარდაუვალი იქნება - ქალაქს ახალი მერი ეყოლება.
ცხელ ზაფხულს ცხელი პოლიტიკური პროცესებიც დაემატება - დედაქალაქის პირველი პირის პოსტის დასაკავებლად "რინგზე" ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ტელეწამყვანი 25-წლიანი გამოცდილებით ზაალ უდუმაშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი და "ევროპული საქართველოს" ამჟამინდელი სახე ელენე ხოშტარია უკვე გამოვიდნენ. მერის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არც დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი გამორიცხავს, თუმცა საკუთარი კანდიდატურის ოფიციალურ წარდგენას აჭიანურებს.
თბილისი რომ განახლებას საჭიროებს, ამაზე მერობის ყველა კანდიდატი თანხმდება, თუმცა თითოეული მათგანი თბილისში არსებულ მდგომარეობას განსხვავებულად აღიქვამს.
მაშინ, როდესაც "ქართული ოცნების" კანდიდატი კახა კალაძე ამბობს, რომ გასული წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და ახალი მერისთვის კარგი სასტარტო პირობები შეიქმნა, "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თბილისი ტრავმირებულ და დეპრესიულ მდგომარეობაშია.
"მე ვარ გაბრაზებული თბილისელების მერობის კანდიდატი და მე მინდა გავხდე ჩვენი ქალაქის მერი იმიტომ, რომ თბილისი იყოს ბედნიერი ადამიანების ქალაქი" - ასე მიმართა ზაალ უდუმაშვილმა პოტენციურ ამომრჩეველს წარდგენის დღეს და განმარტა, რომ თბილისელები არიან ძალიან გაბრაზებულები, რადგან დედაქალაქი არასდროს ყოფილა ისეთი მიტოვებული, როგორც დღეს.
სანამ იმაზე საუბარს დაიწყებდა, თუ როგორ აპირებს გაბრაზებული თბილისელების გაბედნიერებას, ყოფილმა ჟურნალისტმა იმ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება, რომელთან დაპირისპირებასაც გეგმავს. პირველ რიგში მან მთავრობაში კორუფცია და ნეპოტიზმი დაასახელა. შემდეგ კი საცობები, უკანონო მშენებლობა, ეკოლოგიური პრობლემა და "სითი პარკთან" გაფორმებული არახელსაყრელი ხელშეკრულება.
"მე შევძლებ საცობების ქალაქი მარტივი გადაადგილების და სწრაფი კომუნიკაციის ქალაქად ვაქციო და ამისთვის უნდა ავაშენოთ ახალი, ხარისხიანი გზები, ხიდები და ესტაკადები, მყისიერად აღვადგინოთ შემოვლითი გზის მშენებლობის და რკინიგზის გადატანის შეჩერებული პროექტები" - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა და მოსახლეობას დაჰპირდა, რომ უსულო მანქანების ქალაქს ადამიანებს დაუბრუნებს, მეტ პარკებს საფეხმავლო და რეკრეაციულ ზონებს მოაწყობს.
ფაქტზე, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სოციალური ფონი გამოსასწორებელია, ყურადღება გაამახვილა "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა კახა კალაძემაც და აღნიშნა, რომ მისი პროგრამა სრულად იქნება მორგებული მოსახლეობის მოთხოვნებზე, სურვილებსა და საჭიროებებზე.
"მე კარგად მაქვს გააზრებული ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს დედაქალაქის მოსახლეობას. ჩვენი მიზანია ქალაქი მოვარგოთ თითოეული თბილისელის ინტერესს, თბილისი ვაქციოთ თანამედროვე, ევროპული ტიპის ქალაქად, სადაც ხალხი იცხოვრებს უკეთეს გარემოში. ჩვენი ოცნების თბილისი იქნება ისეთი, როგორსაც ჩვენი ხელით შევქმნით. თანამედროვე, ჯანსაღი და მომავალზე ორიენტირებული დედაქალაქი. მოწესრიგებული სოციალური ფონი და ეკოლოგია, ავტომობილების მოძრაობა, პარკინგი და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზაცია - ჩვენი გამარჯვება იქნება" - განაცხადა კახა კალაძემ კანდიდატად წარდგენის დღეს.
მმართველი პარტიის მერობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიის სლოგანია "ჩემი ოცნების თბილისი". ოცნების ქალაქის აშენებაში, დედაქალაქის განვითარების პროცესში მონაწილეობის მიღებაში კალაძემ ახალგაზრდებსაც მიმართა:
"მე თქვენი ძალა დავინახე 13 ივნისს სტიქიის შემდგომ დღეებში. მე თქვენს ძალას ვხედავ თბილისურ ყოველდღიურობაში, იქნება ეს სხვადასხვა აქტივობები, თუ უბრალოდ გართობა და დასვენება. აქტიურად ჩაებით ჩვენი დედაქალაქის ცხოვრების, სტილის, იერსახის, დაგეგმარების პროცესში. ეს რთულია, თუმცა საინტერესოა, ზუსტად ახალგაზრდების ჟინის და აზარტის შესაფერისი საქმეა" - აღნიშნა კალაძემ დაახლოებით 10-წუთიან გამოსვლაში.