წინა მოწვევის პარლამენტის წევრი, პროფესორი თემურ მაისურაძე არაერთი საინტერესო გამოგონების ავტორია.
მისი ბოლო გამოგონებაახალი ტიპის უკალმო ისრული გადამყვანია, რომელიც რკინიგზის საქმიანობაში ბევრ რამეს შეცვლის.
- ახალი ტიპის უკალმო ისრული გადამყვანი - ეს არის აბსოლუტურად ახალი კონცეფცია, რადგან მთელ მსოფლიოში ისრული გადამყვანების მხოლოდ ერთი ტიპი არსებობს, რომელსაც ძალიან ბევრი ცუდი მხარე აქვს. არაერთი ავარია მომხდარა იმის გამო, რომ კალამი გამტყდარა, თანაც თოვლის გამო იჭედება. ახალი ისრული გადამყვანი ამ პრობლემებისგან თავისუფალია.
- ბატონო თემურ, კიდევ რა ღირსებები აქვს ახალ გადამყვანს?
- ჯერ ერთი - სიჩქარეები ახალ ისრულ გადამყვანზე შეუზღუდავია. თანაც, მას ოთხჯერ მეტი რესურსი აქვს ანუ 4 მილიონ ტონა ტვირთს ატარებს ნაცვლად 1 მილიონი ტონისა. შესაბამისად, ოთხჯერ ნაკლები ხარჯი სჭირდება. მესამე - მისი დამზადება გაცილებით მარტივია. მეოთხე - მის პარალიზებას არ იწვევს თოვლი და უცხო საგნები. ამავე დროს, მისი მომსახურება ძალიან მარტივია, ხოლო სიმტკიცე და სანდოობა - უფრო მაღალი. თოვლი ვერ ახერხებს ამ ისრული გადამყვანის პარალიზებას და მისი მონტაჟის სამუშაოები გაცილებით მარტივია. ერთი სიტყვით, ეს ყოველმხრივ მომგებიანი სიახლეა რკინიგზისთვის.- როდის გაგიჩნდათ ახალი ისრული გადამყვანის შექმნის იდეა?
- ეს გრძელი ისტორიაა. ამ პრობლემით 16-17 წლის წინ დავინტერესდი, თეორიული ნაწილი მალე დავასრულე, მაგრამ ჩემი გამოგონებისთვის რომ ხორცი შემესხა, ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა: ყველა დროის რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ვარ ნამყოფი, რომ ჩემი პროექტი გამეცნო, ყველა ამბობდა, რომ კარგია, მაგრამ საქმე ადგილიდან არ იძროდა. თუმცა, მთავარია შეუპოვრობა და ის, რომ შენი პროექტის გჯეროდეს. დიდი საქმე დიდი ჯაფის და გარჯის გარეშე არ კეთდება. საბედნიეროდ, „საქართველოს რკინიგზის“ ახალი ხელმძღვანელობა დაინტერესდა ამ სიახლით. მას შემდეგ მხოლოდ ერთი წელია გასული. შეიქმნა ტექნიკური საბჭო, რომელმაც დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს არა აქვს საკუთარი სტანდარტები სარკინიგზო სისტემაში, დსთ-ის ქვეყნებში ყველგან ერთი სტანდარტია და საქართველოში რკინიგზაც ძველი სისტემით მუშაობს, ამიტომ სანკტ-პეტერბურგის სარკინიგზო უნივერსიტეტი ჩააყენეს საქმის კურსში. სანკტ-პეტერბურგიდან დადებითი შეფასება მივიღეთ. ახალი ისრული გადამყვანი იქ უნდა დაამზადონ და სპეციალურ პოლიგონზე გამოსცადონ. როდესაც სტანდარტი მიენიჭება, ჩვენ შევძლებთ ეს გამოგონება დედამიწის ნებისმიერ წერტილში გავიტანოთ. სტანდარტის მინიჭება ნიშნავს, რომ ეს პროდუქტი უსაფრთხოების ყველა ნორმას აკმაყოფილებს.- თქვენი გამოგონება ჯერ უნდა გამოსცადონ. რამდენად ხანგრძლივი პროცესი იქნება ეს?
- როგორც გითხარით, ახალი ისრული გადამყვანის გამოცდა სპეციალურ პოლიგონზე უნდა ჩატარდეს. პოლიგონი სანკტ-პეტერბურგსა და მოსკოვს შორის არის. ეს არის დახურული სივრცე, სადაც დამონტაჟებულია სპეციალური დინამომეტრები და ყველა საჭირო მოწყობილობა. როდის დაინერგება პრაქტიკაში? - ზუსტი ვადების დადგენა ძალიან ძნელია. თუმცა, ეს ისრული გადამყვანი 4-ჯერ ამცირებს ხარჯებს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ სიახლით ბევრი დაინტერესდება. მთელ მსოფლიოში სულ რამდენიმე სტანდარტია: აშშ-ის სტანდარტი, ევროპული სტანდარტი და ე.წ. რუსული სტანდარტი. ეს ერთ-ერთი უდიდესი სისტემაა. ხოლო სარკინიგზო მაუწყებლობის უნივერსიტეტი სანკტ-პეტერბურგში, რომელიც ამ გამოგონებით დაინტერესდა, უკვე 250 წლისაა.- დავუბრუნდეთ „საქართველოს რკინიგზას“ ვინ შეგიწყოთ ხელი თქვენი ჩანაფიქრის რეალიზებაში?
- ჯერ უნდა გითხრათ, რომ „საქართველოს რკინიგზის“ ახლანდელ ხელმძღვანელობას სულ სხვა კონცეპტუალური მიდგომა აქვს: ისინი არ აპირებენ „გახეული ადგილების“ დაკერებას, ცდილობენ ახლებური მიდგომა ჰქონდეთ და ახალი პროექტები განახორციელონ, რითაც სარკინიგზო ინფრასტრუქტურა და სალიანდაგო ქსელი მთლიანად შეიცვლება. დარწმუნებული, ვარ, რომ ეს მცდელობა გაამართლებს და გარკვეული დროის შემდეგ საქართველოს ექნება საუკეთესო რკინიგზა მთელ ჩვენს რეგიონში და არა მხოლოდ რეგიონში.ხათუნა ჩიგოგიძე