„1 ივლისიდან უძრავი ქონება 10%-ით გაძვირდა“

1 ივლისიდან ქონების გაყიდვისა და მომსახურების შეთავაზება-რეკლამირების ფასი სავალდებულო გახდა.

როგორც "ბიზნესპრესნიუსს" უძრავი ქონების სააგენტო kibe.ge-ს დამფუძნებელმა ნელი გოგუაძემ განუცხადა, ამ ცვლილებამ უკვე გამოიწვია ბინების 10%-ით გაძვირება.

მისი თქმით, განმცხადებელთა უმრავლესობა ბინების ფასს 1 დოლარი - 2.5 ლარის კურსით აფიქსირებს.

„განსაკუთრებული აჟიოტაჟი არ არის, მაგრამ მოქალაქეებს ცვლილებებთან შესაგუებლად გარკვეული დრო, შესაძლოა 3-6 თვეც დასჭირდეთ. რამდენიმე დღეა რაც ახალი წესი ამოქმედდა და ყველას ვეუბნებით, რომ ფასის მითითება ლარში უნდა მოხდეს. არის კატეგორია, რომელიც ღირებულების მითითებაზე საერთოდ უარს ამბობს. აღსანიშნავია, ქონების ფასის ლარში დაფიქსირების გამო უკვე შეინიშნება გაყიდვების შემცირებაც. მაგალითად, ერთ-ერთი ბინის შემთხვევაში, რომელიც მყიდველს 81 400 ლარი დავუფასეთ, მყიდველმა უკან დაიხია. თუმცა, როდესაც განვუმარტეთ, რომ ეს 40 000 დოლარიც არ იყო, უფრო მარტივად მიიღო ეს ამბავი", - აღნიშნავს ნელი გოგუაძე.

განცხადებების პორტალის saqme.ge-ს რედაქტორის ლელა არაბულის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ 1 ივლისიდან შესული განცხადებების 70%-ში ფასი ლარშია დაფიქსირებული, მოსახლეობის ნაწილი ჯერ კიდევ გაურკვეველია და ეიფორიაც შეინიშნება.

უძრავ ქონებაზე ფასების ხელოვნურ ზრდაზე საუბრობენ უძრავი ქონების სააგენტო MYCLIENT.GE-შიც. კომპანიის ცნობით, იმის გამო 1 ივლისიდან ქონების ფასის ლარში მითითება სავალდებულო გახდა, ბინის მფლობელები სავალუტო კურსის ცვლილებებისგან თავის დასაცავად ხელოვნურად ზრდიან უძრავი ქონების სარეალიზაციო ფასს.

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსის გვანცა გუჯელაშვილის ცნობით, ბინის მყიდველებსა და გამყიდველებს შორის ურთიერთობის დარეგულირებას ბინის რეალური ფასის განთავსებასთან დაკავშირებით და ზოგადად, კანონთან შეგუებაში თვეები დასჭირდება.

ფასის ლარში მითითების ვალდებულება 1 ივლისიდან საქართველოს ტერიტორიაზე ყველა მეწარმე ფიზიკურ და იურიდიულ პირს დაეკისრა. ხოლო იმ პირზე, რომელიც მეწარმე სუბიექტი არ არის, ეს ვალდებულება არ გავრცელდა. აღნიშნული ვალდებულება ვრცელდება როგორც უძრავ, ისე მოძრავ ქონებაზე. რაც შეეხება ამ წესის დარღვევის ადმინისტრირებას, ამას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განახორციელებს. პირველი დარღვევისას მეწარმეს გააფრთხილებენ, განმეორებით დარღვევას მოჰყვება 1.000-ლარიანი ჯარიმა, ყოველი მომდევნო დარღვევისას კი ჯარიმა 5.000 ლარი გახდება.

თაია არდოტელი