ავიაკომპანია „სერვისეარი“ 7 ივლისიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ფრენებს იწყებს.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იუწყება, მგზავრებს „სააბის“ ტიპის 32 ადგილიანი საჰაერო ხომალდი მოემსახურებათ. ერთი გზის ბილეთის ღირებულება 90 ლარს შეადგენს. ფრენები შესრულდება ყოველდღე, ოთხშაბათის გარდა.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ტურისტული კომპანია „ვანილა სქაის“ თბილისისა და ბათუმის ოფისებში, ასევე აღნიშნული კომპანიის ვებ-გვერდზე (7 ივლისის 16:00 საათიდან) და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის სალაროში.
”საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, შიდა ტურიზმისა და ადგილობრივი რეისების განვითარების მიზნით შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ განახორციელა მგზავრთა საჰაერო გადაყვანის ავიარეისების ორგანიზების და შესრულების მომსახურების შესყიდვა, ელექტრონული ტენდერის გზით. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიად გამოვლინდა შპს „სერვისეარი“, რომელთანაც გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება”, - განმარტავენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, შპს „სერვისეირი“ ამჟამად ნატახტარის აეროდრომიდან უკვე ასრულებს ფრენებს ქუთაისის, მესტიის და ამბროლაურის მიმართულებით.