ინდოელი ბიზნესმენი აკბარ ქუშერი, რომელიც ქართველ მესაზღვრეებს დამამცირებელ მოპყრობაში ადანაშაულებს, საქართველოში შემოსვლას კიდევ ერთხელ ცდილობს. ის საზღვრო კონტროლს ამ წუთებში გადის.
აეროპორტში ბიზნესმენს მისი ადვოკატი ელოდება, რომელიც, რამდენიმე დღის წინ ქუშერის საქართველოში არ შემოშვების ფაქტზე შსს-გან რეაგირებას ითხოვს. როგორც ადვოკატმა მანანა აფხაძემ აღნიშნა, მან უკვე მიმართა წერილობით შსს-ს გენერალურ ინსპექციას, რათა გამოიკვლიონ მესაზღვრე-კონტროლიორის ქმედების კანონიერება. აფხაძე მის განცხადებაზე სწრაფ რეაგირებას ითხოვს.
"შსს-ს გენინსპექციაში მითხრეს, რომ მესაზღვრე-კონტროლიორს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება, რაც უნდა ის გააკეთოს. მე მოვითხოვე იმ ნორმის მითითება, სადაც წერია, რომ მესაზღვრე-კონტროლიორს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება იმოქმედოს შინაგანი რწმენით. ასეთ ნორმაზე ვერ მიმითითეს. ამის საპასუხოდ მე მივუთითე ნორმა მესაზღვრე-კონტროლიორის ქცევის წესებიდან, სადაც წერია, რომ მას ეკრძალება, პირს, რომელსაც სურვილი აქვს ქვეყანაში შემოსვლის, მიმართოს დამამცირებლად, აბუჩად და ა.შ. მოცემულ შემთხვევაში ეს წესები დაირღვა. რომ არ განმეორდეს იგივე შემთხვევა, საჭიროა აეროპორტის კამერების ჩანაწერების ამოღება", - განაცხადა ინდოელი ბიზნესმენის ადვოკატმა.
მანანა აფხაძემ ასევე წერილობით მიმართა შსს-ს, რათა გაერკვია, არსებობს თუ არა რაიმე საქმე, რომელიც აკბარ ქუშერს ეხება და რაც მისი საქართველოში არშეშვების მიზეზი შეიძლება გახდეს. ადვოკატის თქმით, პირმა, რომელსაც მისი განცხადების საფუძველზე მოკვლევა დაევალა, განუცხადა, რომ შსს-ში რაიმე მსგავს ინფორმაციას არ ფლობენ. ადვოკატი ფიქრობს, რომ ამჯერად ინდოელ ბიზნესმენს საქართველოში შემოუშვებენ.