ცუკერბერგი ”ელიტარულ” მილიარდერებს უერთდება - მისი ხელფასი შარშან 1 დოლარი იყო

მსოფლოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის, Facebook-ის შემქმნელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა 2013 წელს ხელფასის სახით ოფიციალურად მხოლოდ და მხოლოდ 1 დოლარი მიიღო.

ამგვარად, ახლა ცუკერბერგი კომპანიის ყველაზე "დაბალანაზღაურებადი" თანამშრომელია - მან თავად მოითხოვა მისთვის ხელფასის სახით 1 დოლარი დაენიშნათ, რითაც შეუერთდა სილიკონ ველის სხვა მდიდარ აღმასრულებელ დირექტორებს, რომლებიც ხელფასს სიმბოლურად იღებენ.

მათ შორის Google-ის ბიჭებს, სერგეი ბრინსა და ლარი პეიჯს, რომელთა ქონება თითოეულის შემთხვევაში 30 მილიარდ აშშ დოალარამდეა და რომლებიც აგერ უკვე ათი წელი იქნება 1 დოლარიანი ხელფასით "ცხოვრობენ". სხვათა შორის, Apple-ის სტივ ჯობსი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც სიმბოლურ ხელფასზე გადავიდა.

თუმცა, პატენტი ერთდოლარიან ხელფასზე სილიკონ ველის მაინც არ ეკუთვნის. რიჩარდ ჰეინი, Urban Outfitters-ის აღმასრულებელი იყო პირველი მილიარდერი 1 დოლარიანი ხელფასის მქონე მილიარდერთა კლუბში.

“ერთდოლარიანი ხელფასი მათთვის საშუალებაა, რომ გამოკვეთონ, თუ რა რაოდნობის წილები აქვთ საკუთარ კომპანიებში. თანხა, რომელსაც მიიღებენ და კომპენსაცია, რომელსაც გამოიმუშავებენ - უბრალოდ მათ აქციებზეა დამოკიდებული," ამბობს Equilar-ის (კომპანია, რომელიც აღმასრულებელი შტოს კომპენსაციების სისტემას იკვლევს) დირექტორი, აარონ ბოიდი.

“აზრადაც არავის მოუვა იკითხოს, თუ რამდენად არის ან არ არის დაინტერესებული ლარი პეიჯი კომპანიის აქციების ფასის გაზრდაში, როგორც მეწილე. როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი წილის მფლობელი, ის ყველაზე მეტად დაინტერესებულია ამით," - დასძენს მკვლევარი.

თუმცა, ცუკერბერგის შემთხვევა იმითაა საინტერესო, რომ შარშანდლამდე მისი ხელფასი საკმაოდ სოლიდური იყო - 2012 წელს, მან 503 ათასი დოლარის ხელფასი მიიღო. საერთო ჯამში, ბონუსებიანად, Facebook-ის სულისჩამდგმელმა გასულ წელს 653,165 აშშ დოლარი იშოვა, მაშინ როცა მისმა შემოსავალმა 2012 წელს თითქმის 2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. როგორც ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, ამ თანხის დიდი ნაწილი ძირითადად კერძო თვითმფრინავებისა და დაცვის პროგრამას მოხმარდა.

29 წლის ცუკერბერგის ქონება 27 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. ის ასევე ფლობს კომპანიის აქციების 61,6 პროცენტს, რაც მისთვის კარტ ბლანშია და საშუალებას აძლევს ისეთი გადაწყვეტილებები მიიღოს, როგორიც, მაგალითად ცოტა ხნის $19 მილიარდად WhatsApp-ის შეძენა ან გასულ კვირას Oculus-ის 2 მილიარდ დოლარად შესყიდვა იყო.

აქცვე აღსანიშნავია, რომ Facebook-ის კიდევ ერთმა ტოპ-მენეჯერმა შერილ სანდბერგმა $16.2 მილიონი გამოიმუშავა გასულ წელს, მაშინ როცა 2012 წელს თითქმის ორჯერ მეტი, $26.2 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.

რაც შეეხება სხვა ტოპ-მენეჯერებს, კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა, დევიდ ებერსმანმა შარშან 10.5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ვიცე-პრეზიდენტმა დევიდ ფიშერმა - 8 მილიონი, ხოლო ტექნიკურმა დირექტორმა მაიკ შროპფერმა კი - 12.6 მილიონი.