ოქროს ფასი ბოლო ორი თვის მინიმუმს ასცდა

ევროპული სავაჭრო სესიის დროს, ოქროს ფასმა ზრდა დაიწყო და ბოლო 8 კვირის მინიმუმს ასცდა.

ამის მთავარი მიზეზი, კორეის ნახევარკუნძულზე გართულებული ვითარება გახდა. დაძაბულობის ზრდასთან ერთად, ინვესტორებმა ოქროს, როგორც რისკებისგან თავშესაფარ აქტივს მიაშურეს.

ტროას უნცია ოქროს ფასის ფიუჩერსი 5.20 დოლარით (ანუ0.4 პროცენტით) გაიზარდა და 1 224.37 დოლარი გახდა. ამასთან, სავაჭრო მოცულობები მცირეა, რადგან 4 ივლისს ამერიკაში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული არდადეგები იყო.

ყვითელი მეტალის ფასმა, 11 მაისიდან მოყოლებული, ყველაზე დაბალ ნიშნულს (1 218.00 დოლარი) ორშაბათს მიაღწია, რაც მყარმა დოლარმა და ამერიკული საფონდო ბაზრის ზრდამ გამოიწვია. მაგრამ სამშაბათს ჩრდილოეთ კორეამ თავისი პირველი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გამოცდა წარმატებით ჩაატარა, რასაც რეგიონში და მთელს მსოფლიოში, პოლიტიკური სიტუაციის დაძაბვა მოჰყვა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ შორსმფრენი რაკეტის გაშვება კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტ კიმ იონ-უნის რეჟიმმა, სიტუაციის ესკალაციისკენ გადადგა და ეს მსოფლიო თანამეგობრობის მხრიდან პასუხს საჭიროებს. რაკეტის გაშვება იმ დროს მოხდა, როცა G20-ის შეხვედრა მზადდება. მსოფლიოს 20 წამყვანი ქვეყანა, სხვა საკითხებთან ერთად, ჩრდილოეთ კორეის შეიარაღების საკითხის განხილვასაც გეგმავს.

პარალელურად, გლობალური ინვესტორებისთვის საინტერესო ამბები ხდება ახლო აღმოსავლეთში, სადაც საუდის არაბეთი, ეგვიპტე, არაბეთის გაერთიანებული საემიროები და ბაჰრეინი, ხვალ შეხვედრას გამართავენ, რომელზეც ყატარის მიმართ სანქციების გაგრძელების საკითხს განიხილავენ. როგორც ცნობილია, ჩამოთვლილმა ქვეყნებმა ყატართან ურთიერთობა მას შემდეგ შეზღუდეს, რაც ის ტერორიზმის მხარდაჭერაში და ირანის ფარულ მფარველობაში ამხილეს.

გარდა ამისა, ფედრეზერვი ამაღამ თავისი ივნისის სხდომის ჩანაწერებს გამოაქვეყნებს, რომლებშიც ინვესტორები დოლარზე საპროცენტო განაკვეთის შემდგომ აწევასთან დაკავშირებით მინიშნებებს მიაქცევენ ყურადღებას.